Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი არ შეცვალა


ფოტო გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვიდან
ფოტო გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვიდან

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენი არ შეცვალა. კვლავ 16-16-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სამ ახალგაზრდას - დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის.

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

თითქმის სამი წლის წინ, 2020 წლის 18 ივნისის ღამით, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილს 16 სახის დაზიანება სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი, ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც მდინარეში გადააგდეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ამ საქმეზე ხუთი ახალგაზრდა (არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, აკაკი ქანაშვილი და ზ.ხ.) დააკავეს. 2021 წლის მარტში მათგან სამ სრულწლოვანს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ორ არასრულწლოვანს კი - 10,5-წლიანი.

ჯამში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ივნისის ბოლოს ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის - ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით - დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

XS
SM
MD
LG