უკრაინელი მწერლის, ლესია უკრაინკას ძეგლთან მოსკოვში 29 აპრილს პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ყვავილები მიიტანა იქ უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
ამის შესახებ იტყობინება ОВД.Инфо, რომელიც ასევე აქვეყნებს დაკავების, თვითმხილველის მიერ გადაღებულ მომენტს.
ლესია უკრაინკას ძეგლთან სტიქიური მემორიალი 28 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ხალხს ყვავილები მიჰქონდა და არავის აკავებდნენ. მოგვიანებით, მემორიალი მოშალეს და ყვავილები გაიტანეს.
შაბათს, 29 აპრილს ყვავილების მიტანა გაგრძელდა. ОВД.Инфо-ს თანახმად, დაკავებულს, ყვავილებთან ერთად, ხელში ჰქონდა მუყაო წარწერით, რომლის შინაარსი არ არის ცნობილი. ადრე ლესია უკრაინკას ძეგლთან ყვავილები მიჰქონდათ მოსკოველებს ქალაქ დნეპრზე თავდასხმის მსხვერპლის პატივსაცემად. იანვარში რუსეთის არმიის ამ სარაკეტო მ თავდასხმის დროს დაიღუპა 46 ადამიანი.
უკრაინის ჩერკასკის ოლქის ქალაქ უმანზე თავდასხმას 28 აპრილის დილით 23 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ექვსი ბავშვია. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 17 პირი, ორი ჯერ დაკარგულად ითვლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის კომენტარი არ გააკეთა, განაცხადა მხოლოდ, რომ უკრაინის არმიის ზურგში მარაგის კონცენტრაციის არეალებს გაუხსნა სარაკეტო ცეცხლი და დარტყმამ მიზანს მიაღწია. უკრაინის ხელისუფლება რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორში ადანაშაულებს.