Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პირველი გასროლა არ დაუნახავს" - გოგებაშვილზე კაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

4 მაისს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაცვის პოლიციის თანამშრომლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში იყო. ხათუნა ხურცილავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაცვის სამსახურში მომუშავე პოლიციელს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

"ნამდვილად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. პიროვნებას, რომელმაც განახორციელა გასროლა, ჰქონდა ორი იარაღი. როცა დაუძახა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა - "სდექ, პოლიციაა!" - და მიუხედავად გაფრთხილებისა, მან მეორე იარაღისკენ წაიღო ხელი, ეს იყო ზუსტად იმის საფუძველი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავისი თავი და სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა..." - ამბობს დაკავებული კაცის ადვოკატი.

ხათუნა ხურცილავამ მედიას ასევე უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე თვეა მუშაობს დაჭრილ გივი მარგველაშვილთან და მის ოჯახთან.

"როგორც ჩემი დაცვის ქვცეშ მყოფი ამბობს, შვიდი თვეა იმყოფება ამ პიროვენბების დაცვაში, რაიმე კონფლიქტის შესახებ მისთვის უცნობი იყო. ეს პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა მისთვის უცნობი იყო. პირველი გასროლა არ დაუნახავს, შემობრუნდა და მეორე გასროლა დაინახა..." - ამბობს ადვოკატი.

გუშინ, 4 მაისს, თბილისში კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დანაშაულის მეორე დღეს - დღეს, 5 მაისს ბრიფინგი გაიმართა, სადაც თქვეს, რომ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელი.

რა მოხდა ვერაზე - გამოძიების ვერსია

გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ლა ვერასთან" იმყოფებოდნენ გ.მ. და დაცვის პოლიციის ის თანამშრომელი, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. 4 მაისის საღამოს მათ მიუახლოვდა კაცი (ს.გ.), რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.მ.-ს, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომლის დასაცავი პირის ნათესავია და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

სწორედ ამ დროს მას დაედევნა დაცვის პოლიციის თანამშრომელი და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა - კაცი (ს.გ.) გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG