Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარწმუნოების შეურაცხყოფისთვის ირანში ორი კაცი ჩამოახრჩვეს


ირანის პოლიციის თანამშრომლები სახრჩობელაზე თოკებს ჰკიდებენ.
ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თანახმად, მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 205 ადამიანი
ირანის პოლიციის თანამშრომლები სახრჩობელაზე თოკებს ჰკიდებენ. ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თანახმად, მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 205 ადამიანი

ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი კაცი, რომლებსაც სასჯელის უმაღლესი ზომა სოციალურ ქსელში „ათეიზმის პროპაგანდის, სარწმუნოების და ისლამური სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის“ მიუსაჯეს.

იუსეფ მეჰრდადისა და სადროლა ფაზელი ზარეს სიკვდილით დასჯის შესახებ 8 მაისს ირანის სასამართლო სისტემის საინფორმაციო ვებგვერდმა, „მიზანმა“ განაცხადა. ცნობაში არ წერია, როდის იქნა აღსრულებული სასიკვდილო განაჩენი.

ზარესა და მეჰრდადის საქმეები 2019 წლით თარიღდება, როდესაც მათ წინააღმდეგ ბრალდებები შეიტანეს ქალაქ არაქის რევოლუციურ სასამართლოში. მეჰრდადი, სამი მცირეწლოვანი შვილის მამა, ბრალდებული იყო ონლაინ მკრეხელობასა და ასევე ყურანის დაწვაში. ზარემ, თითქოსდა, აღიარა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარმეტყველს და ისლამს.

ნორვეგიაში მოქმედი ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშით, ამ ორი ადამიანის ჩამოხრჩობით კიდევ უფრო გაიზარდა მათ ხელთ არსებული სია, რომლის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანში ყოველ 6 საათში ერთხელ ერთი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 6 მაისს სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი, რომელიც თურქეთის აეროპორტიდან ორი წლის წინ დაიკარგა და შემდეგ ირანის პატიმრობაში აღმოჩნდა, ტერორიზმის ბრალდებით.

ჰაბიბ ჩააბს, რომელიც იყო დამაარსებელი და ყოფილი ლიდერი სეპარატისტული ჯგუფისა სახელით "არაბთა ბრძოლის მოძრაობა აჰვაზის გასათავისუფლებლად" (ASMLA), სიკვდილი მიუსაჯეს "დედამიწაზე გახრწნილების" გამო, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია ირანის მკაცრი ისლამური კანონების მიხედვით.

ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის თანახმად, მიმდინარე წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს 205 ადამიანი, რომელთა უმრავლესობას სასჯელის უმაღლესი ზომა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის მიუსაჯეს. ამავე ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოხრჩობილი 40 კაციდან, ნახევარზე მეტი ეთნიკური უმცირესობის, ბელუჯების წარმომადგენელია.

XS
SM
MD
LG