ნოვოსიბირსკის სასამართლომ 12 ივლისამდე დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ნოვოსიბირსკის ჩკალოვის სახელობის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე Su-24 ბომბდამშენისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ამის შესახებ იტყობინება ქალაქის ლენინის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური.
სასამართლოს დასკვნაში ნათქვამია, რომ ვიქტორ სკორობოგატოვი გამოძიების მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალი ედება საწარმოს გასანადგურებლად ცეცხლის წაკიდებაში „რუსეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“. გამოძიება თვლის, რომ დანაშაული პირთა ჯგუფმა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით.
ნოვოსიბირსკში ბომბდამშენ Su-24-ს 8 მაისს წაუკიდეს ცეცხლი. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Baza იტყობინება. მისი ინფორმაციით, Su-24 სერიოზულად არ დაზიანებულა, დამწვრობის კვალი დაფიქსირდა შასიზე. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის წამკიდებლებმა ღობის ბადე გაკვნიტეს და ისე შევიდნენ ქარხნის ტერიტორიაზე. ისინი უსაფრთხოების ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა.
მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამის არხმა, „ფეიკებთან ომმა“, დაწერა, რომ ვიდეო დადგმულია და უკრაინაშია გადაღებული. ქარხნის ადმინისტრაციის წყარომ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე ინციდენტი არ მომხდარა. „ეს არის საგულდაგულოდ დაცული დაწესებულება და ძნელი წარმოსადგენია, რომ მის ირგვლივ უცხო პირებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმესთვის ცეცხლის წაკიდებაზე და თან გადაღებაზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში. რეგიონული მთავრობის ტელეგრამის არხმა „ნოვოსიბირმა“ ხელახლა გამოაქვეყნა „ფეიკებთან ომის“ პუბლიკაცია. მთავრობის წყარომ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია დეზინფორმაცია იყო.