Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ეწვევა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს? - ნახეთ ავტორების სრული სია


თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარი ავტორები.
თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარი ავტორები.

3-დან 7 ივნისამდე თბილისში უკვე მერვედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც ტრადიციულად მწერალთა სახლი უმასპინძლებს. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 16 უცხოელი ავტორი, რომელთაგან ზოგიერთი ქართულადაც არის ნათარგმნი.

წლევანდელი ფესტივალი მომავალს ეძღვნება და მისი პროგრამის თემაა „ერთი მომავალი“.

ვინ ეწვევა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს და რა უნდა ვიცოდეთ მათზე?

ნაიელ გრიფითსი (დიდი ბრიტანეთი)

ნაიელ გრიფითსი ლივერპულელი ავტორია, რომელიც ბოლო 25 წელია უელსში ცხოვრობს. არის რვა წიგნის ავტორი - მათ შორის, რომანების, მემუარების, პოეტური კრებულებისა და სამოგზაურო პროზის.

მისი მესამე რომანის, “კელი+ვიქტორი” (2002) კინოადაპტაციას მიღებული აქვს BAFTA-ს (ბრიტანეთის კინო და სატელევიზიო ხელოვნების აკადემია) ჯილდო.

ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემულია ნაიელ გრიფითსის რომანი “ტაკვი” (2003) (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა, 2020. მთარგმნელი - ნოდარ მანჩხაშვილი).

პოლინ პიკო (საფრანგეთი)

პოლინ პიკო ფრანგი პოეტი და დრამატურგია. მისი რამდენიმე ტექსტი ქართულად ბაჩანა ჩაბრაძემ თარგმნა და დაიბეჭდა კიდეც ქართულ ჟურნალებში “ინდიგო”და “თეატრი”.

პიკო წერს სოციალურ უსამართლობაზე, ვნებაზე, ფსიქიკურ აშლილობაზე, სხეულსა და ფემინურობაზე.

მისი ბოლო პიესა “თქვენი სულიერი და შესაძლოა ამ ტყეში იყოს” (2022) პარიზის Théâtre du RondPoint-ში დაიდგა 2023 წლის თებერვალში.

2019 წლიდან იგი ასევე ქმნის პერფორმანსების ფოტოსერიას სხვადასხვა თემაზე: კონკურენციის იმპერატიულობასა და ყოველდღიურ მარტოობაზე. ბოლო ასეთი ციკლი “მტირალა” 2023 წლის იანვარში დაიწყო.

საიმონ ო' ფუეილაინი (ირლანდია)

საიმონ ო' ფუეილაინი, დუბლინელი პოეტი არის ირლანდიურ (გაელიკურ) ენაზე გამოცემული ოთხი პოეტური კრებულის და თარგმანების ორი წიგნის ავტორი.

მისი ბოლო კრებული “იასაქტაი” 2022 წელს გამოვიდა.

მიღებული აქვს The Glen Dimplex, Strong, Walter Macken, Colmcille და Foras na Gaeilge ლიტერატურული პრემიები.

საიმონი ასევე არის უესტ კერის ყოველწლიური ორენოვანი ფესტივალის An Fhéile Bheag Filíochta (პოეზიის მცირე ფესტივალი) დირექტორი და ირლანდიურენოვანი ჟურნალის, “ანეასის” რედაქტორი.

იაცეკ დენელი (პოლონეთი)

იაცეკ დენელი არის პოლონელი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და მხატვარი. მისი ლექსების პირველ კრებულს კარგი გამოხმაურება ჰქონდა ნობელის პრემიის ლაურეატ ჩესლავ მილოშისგან.

გამოცემული აქვს ათი პოეტური კრებული, ხუთი რომანი და რამდენიმე მოთხრობების კრებული.

იაცეკ დენელი ასევე პოლონურ ენაზე თარგმნის სხვადასხვა ავტორის, მათ შორის, ფილიპ ლარკინის, ჰენრი ჯეიმსის, ედმუნდ ვაითის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის, ჯ.მ. კუტზეეს და სხვების ნაწარმოებებს.

მისი რომანი “ლალა” ქართულადაც გამოსცა გამომცემლობა “ინტელექტმა”, (მთარგმნელი - მირანდა გურგენიძე, 2022 წელი).

იაცეკი თავის ქმართან, პიოტრ ტარჩინსკისთან ერთად გამოსცემს ძველმოდურ დეტექტიურ რომანებს მარილა ზიმიჩკოვას ფსევდონიმით.

მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია, მათ შორის, Kościelski Award და Paszport Polityki.

დანიელ ვისერი (ავსტრია)

დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალია, რომელიც 1993 წლიდან გამოსცემს რომანებს, მოთხრობებს, რადიოპიესებს და წერს სიმღერის ტექსტებს.

მისი პირველი რომანი “დოპლერის ქუჩის რვა ნომერი” 2003 წელს გამოვიდა.

2018 წელს ვისერმა გამოსცა რომანი “მთის დედოფალი”, რომლისთვისაც ავსტრიული წიგნის პრემია მიიღო.

ეს რომანი ქართულადაც არის გამოცემული (გამომცემლობა “ინტელექტი”. მთარგმნელი - მზია გალდავაძე).

2012 წლიდან დანიელ ვისერი მუშაობს პროექტზე სახელწოდებით “იატაკის ფილებქვეშ” - ეს არის მიკრორომანების სერია, რომელიც გამოიცა წიგნად, ორჯერ დაიდგა თეატრში და ასევე გამოქვეყნებულია მის ვებგვერდზე.

მისი ახალი რომანი “0 1 2” გამოვა 2023 წლის შემოდგომაზე.

გრეის ჰენესი (აშშ)

გრეის ჰენესი ამერიკელი მწერალია კენტუკის შტატიდან.

წერს მხატვრულ ლიტერატურას და სხვადასხვა ტიპის კომედიურ ტექსტებს.

მისი ტექსტები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ჟურნალებში The New Yorker, Prototype 4, McSweeney’s Internet Tendency და Exberliner.

გრეისი არის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის Desperate Literature Prize ფინალისტი. ცხოვრობს ბერლინში გერმანული საყმაწვილო რომანების კოლექციასთან ერთად.

კეი ოკამოტო (იაპონია)

კეი ოკამოტო - იაპონელი პოეტი ტოკიოდან. მან ლექსების წერა გვიან, ოცდაათს მიტანებულმა დაიწყო და პირველი პოეტური კრებული “გრაფიტი” 2014 წელს, აშშ-ში ცხოვრების დროს გამოაქვეყნა.

ამ კრებულმა ავტორს პრემიები Nakahara Chuya Prize და Mr. H Prize მოუტანა. 2017 წელს კეის მეორე პოეტურმა კრებულმა “ზეკეის ჩანაწერი” (რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მისი მოგზაურობის ქრონიკაა) იაპონიის ყველაზე პრესტიჟული პოეტური პრემია Hagiwara Sakutaro Award დაიმსახურა. მისი ბოლო პოეტური კრებული უძველეს იაპონურ დედაქალაქს, კიოტო ნარას ეხება.

დიმიტრის ცეკურასი (საბერძნეთი)

დიმიტრის ცეკურასი, ბერძენი პროზაიკოსი და დრამატურგია.

რამდენიმე რომანის და პიესების (“შენი სილამაზე”, “წყალმა იცის”, “ტბა”, “მუცელი”, “დაშლა”, “განთავისუფლება”, “კარი”, “პასტორ ვოგის ზღაპრები”) ავტორი და მთარგმნელია.

თარგმნა ტენესი უილიამსის, ფედერიკო გარსია ლორკას პიესები და ანტიკური ბერძნული ტრაგედიები თანამედროვე ბერძნულ ენაზე.

ცეკურასის რომანი “კარი” ქართულად გამომცემლობა “ინტელექტმა“ გამოსცა (2023, მთარგმნელი - ანინა გოგოხია).

ბობ ჰოლმანი (აშშ)

ბობ ჰოლმანი ცნობილი Bowery Poetry Club-ის (ნიუ-იორკი) დამფუძნებელი და 22 პოეტური კრებულის ავტორია. მათ შორისაა პოეტური კრებულები “უთქმელი” და “ცხოვრების ლექსი”; “ბობ ჰოლმანის ინდური დღიურები”, “ამოჭრილები” და “შენც მიმღერე ეს სიმღერა”.

როგორც ერთ-ერთმა პირველმა სლემ-მასტერმა, “ნიუიორკელი პოეტების კაფეს” დირექტორმა და პირველი spoken word პოეზიის ლეიბლის დამფუძნებელმა, ჰოლმანმა დიდი წვლილი შეიტანა spoken word-ის, სლემის და ციფრული პოეზიის მოძრაობის განვითარებაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.

მისი სასცენო გამოსვლების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს - ის მრავალი სცენის სტუმარი ყოფილა მედისონ სქუეარ გარდენიდან როკსტადიონებამდე, ეკლესიების სარდაფებიდან ეთიოპიის თაფლის ღვინის ბარებამდე.

არის არაერთი ფილმის ავტორი, მათ შორისაა “პოეზიის შეერთებული შტატები” - PBS-ის სერიალი, რომელმაც საზოგადოებრივი ტელევიზიის პრემია მიიღო.

მისი ფილმი ენის დაკარგვისა და გაცოცხლების შესახებ - “ენის საკითხები ბობ ჰოლმანთან ერთად” ბერკლის კინოფესტივალის წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ტიტულით დაჯილდოვდა.

2018 წელს ჰოლმანს The Chambra d'Òc Premio Ostana-ს ჯილდო გადაეცა ენების გაცოცხლებაში შეტანილი წვლილისთვის.

2023 წლის სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენეს მარკ ლევინის ფილმი “სლემის ციფრული აღდგენა”, სოლ უილიამსისა და სონია სონის მონაწილეობით. ფილმს საფუძველი 25 წლის წინ ნიუიორკელი პოეტების კაფეში ჩაეყარა, როცა ბობ ჰოლმანი კაფსე მთავარი ემ-სი იყო (Master of Ceremonies). პრემიერის დროს მან ეს როლი სანდენსის სცენაზე თავიდან მოირგო.

იან ბაკე (ნიდერლანდები)

იან ბაკე ჰოლანდიელი პოეტი, მთარგმნელი და კურატორია.

მისი პირველი ლექსების კრებული “არასოდეს ცხენების გარეშე” 1997 წელს გამოვიდა. კრებულისთვის “სეზონური ჭორი” (2015) იანმა 2016 წელს იან კამპერტის პოეზიის პრესტიჟული პრემია მიიღო.

მისი ბოლო კრებული “არასწორი გული” კი 2022 წელს გამოიცა.

იან ბაკეს ტექსტები ბევრ ჟურნალსა და ანთოლოგიაშია დაბეჭდილი, როგორც ნიდერლანდში, ისე საზღვარგარეთ.

2020 წელს მისი წიგნი “ფაქტებზე მეტი” ბრიტანეთსა და ბელგიაში გამოიცა.

2006 წლიდან მუშაობს ვიზუალურ ხელოვან და კომპოზიტორ ალფრედ მარსელთან ერთად. მათი დუეტი სახელწოდებით “საჯარო ფიქრი” ფილმებს, დატა ლექსებს (მონაცემთა ტრეფიკით შექმნილი ტექსტები და იმიჯები), მუსიკალურ ნაწარმოებებსა და ინსტალაციებს ქმნის.

იან ბაკე არის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის Poetry International-ის პროგრამის ერთ-ერთი დირექტორი, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ როტერდამში.

ია კივა (უკრაინა)

პოეტი, მთარგმნელი და ჟურნალისტია. უკრაინის პენ-ცენტრის წევრი.

ია კივა დონეცკიდანაა, თუმცა 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, როგორც ლტოლვილი, კიევში გადავიდა საცხოვრებლად.

იას არის ავტორი ორი პოეტური კრებულისა: “უფრო შორს ზეციდან” (2018) და “ზამთრის პირველი გვერდი” (2019). გამოცემული აქვს ინტერვიუების კრებული ბელარუს მწერლებთან 2020-2021 წლების პროტესტის შესახებ - “ჩვენ გავიღვიძებთ, როგორც სხვები: საუბრები თანამედროვე ბელარუს ავტორებთან ბელარუსის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ” (2021).

მისი პოეზია თარგმნილია მსოფლიოს 33 ენაზე. მისი ლექსების კრებულები გამოიცა წიგნების სახით ბულგარულ ენაზე (“უსახელოობის მოწმე”, 2022, მთარგმნელი დენის ოლეგოვი) და პოლონურად (“დროის შავი ვარდები”, 2022, მთარგმნელი ანეტა კამინსკა). ამჟამად ცხოვრობს ლვოვში.

ინგა გაილე (ლატვია)

ინგა გაილე არის შვიდი პოეტური კრებულის, ხუთი რომანისა და მოთხრობების ერთი კრებულის ავტორი. ის ლატვიის პენ-ცენტრის პრეზიდენტი და რიგაში ქალთა stand up ჯგუფის ორგანიზატორია.

მისი პოეზიის კრებული “30 შეკითხვა, რომლებსაც არ კითხულობენ” გამოიცა აშშ-ში, პერუსა და ესპანეთში.

მიღებული აქვს ლატვიური ლიტერატურის პრემია პოეტური კრებულისთვის “ესმის თუ არა მეორე ჯგუფს ჩემი?”, ანა დაგდასა და ოიარა ვაციეშას ჯილდოები პოეტური კრებულისთვის “ტირილისას არ უნდა იცინო”, ოიარა ვაციეშას და პოეზიის დღეების პრემია პოეტური კრებულისთვის “ნამცხვრების მარია”, პოეზიის დღის პრიზი კრებულისთვის “ნისლი”.

2016 წელს გამოიცა გაილეს პირველი რომანი “შუშის ნატეხები”. მისმა რომანმა “ლამაზები“ 2019 წელს მიიღო ლატვიური ლიტერატურის პრიზი წლის საუკეთესო წიგნისთვის. ინგას ბოლო რომანი Cutie Pie ტრაგიკომედიაა განქორწინების, სექსისა და მიზოგინიის შესახებ.

კარმინ მიხელსი (ბელგია)

კარმინ მიხელსი ბელგიელი პოეტი და პერფორმერია.

2017-2019 წლებში იყო ევროპული პროგრამის - CELA-ს (ამომავალი ლიტერატურული არტისტების გაერთიანება) წევრი, ხოლო 2019 წელს შეუერთდა ევროპული პოეზიის პლატფორმას - ვერსოპოლისს.

პოეტური კრებულების გარდა კარმინ მიხელსმა გამოსცა ორი რომანი და მოთხრობების კრებული “მამები, რომლებიც გლოვობენ”, რომელიც მოხვდა ხუთი ლიტერატურული კონკურსის მოკლე სიაში და მიიღო 2022 წლის BNG Bank-ისა და Inktaap-ის ლიტერატურული პრიზები.

ნაწყვეტები ავტორის რომანიდან, მისი მოკლე მოთხრობები და ლექსები გამოქვეყნებულია რვა ენაზე.

ნევა ლუკიჩი (ხორვატია)

მწერალი და კურატორი ნევა ლუკიჩი პოეზიისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის, ორი ნახატი წიგნის, თეატრალური პიესის, რადიოპიესისა და მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმის ავტორია.

ის ქმნის ვიდეოპერფორმანსებსა და რადიო/თეატრალურ პიესებს.

ნევა ლუკიჩი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ლიტერატურულ და კინოფესტივალებში; მიღებული აქვს ზდრავკო პუჩაკის პრემია და ხორვატული მატრიქსის პრიზი პოეზიაში (2010).

სალიმ ბაბულაოღლი (აზერბაიჯანი)

სალიმ ბაბულაოღლი ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტია.

არის ჟურნალ “მსოფლიო ლიტერატურის” დამფუძნებელი.

სალიმი აზერბაიჯანის მწერალთა კავშირისა და ბიშკეკის პენ-ცენტრის წევრია. მისი პოეტური კრებულებია: “მარტოსული” (1996), “პოლკოვნიკს არავინ სწერს” (2008), “წინადადება პირველი ასოს გარეშე” (2021), “საუბარი ჩემს შვილთან” (2022); ესეების კრებულები: “ლიტერატურული საუბრები” (2011), “ლიტერატურული სიზმრები” (2015) და სხვა. რედაქტირებული აქვს 200-ზე მეტი წიგნი და თარგმნილი აქვს ემინესკუს, პასტერნაკის, ელიოტის, ბორხესის, მილოშის, ტრანსტრომერის, ბროდსკისა და სხვების ლექსები.

სალიმ ბაბულაოღლი იყო პროზისა და პოეზიის ქართული ანთოლოგიის ერთ-ერთი მთარგმნელი და შემდგენელი. ქართულად გამოცემულია მისი პოეტური კრებული “თოვლის განმარტება” (კავკასიური სახლი, 2009).

მიღებული აქვს რასულ რზას საერთაშორისო ჯილდო (აზერბაიჯანი, 2015), ივო ანდრიჩის მედალი (სერბეთის სამეფო აკადემია, 2019), ნიზამი განჯელის მედალი (აზერბაიჯანი, 2021), პერსონალის ოქროს მედალი (კიშინიოვი, 2023) და სხვა ჯილდოები. არის European Poet of Freedom (პოლონეთი, გდანსკი, 2018) კონკურსის მონაწილე. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე.

კარენ ანტაშიანი (სომხეთი)

კარენ ანტაშიანი სომეხი პოეტი და მწერალია. თანამედროვე სომხური ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით 2009 წელს შექმნა ვებგვერდი granish.org, რომელიც ცოცხალ და პოპულარულ ლიტერატურულ პლატფორმად იქცა.

2013 წლიდან ტელევიზია “ბუნის” ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. დააარსა Ayleren.com, სომხურ ენაში გავრცელებული შეცდომების ონლაინლექსიკონი. ხშირად აქვეყნებს ესეებს ლიტერატურულ ჟურნალ “ერევანში”. კარენ ანტაშიანს გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული: “ძონი” (2021), “ცილიცოვი” (2012), “ანტაშატი” (2009), “დასასრულის შემდეგ, დასაწყისამდე” (2004).

2022 წელს კარენმა ერევნის წიგნის ფესტივალის პოეზიის პრემია მიიღო.

წელსაც ფესტივალზე იქნებიან ქართველი ავტორებიც, რომლებიც უცხოელ კოლეგებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას პოეტურ საღამოებში, დისკუსიებსა და პროზაიკოსებთან შეხვედრებში.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG