კიევის თავზე აფეთქებები იყო, რუსეთის მხრიდან დღისით განხორციელებული თავდასხმების შედეგად - დღის საათებში მსგავსი იერიშები იშვიათობაა. მანამდე რუსეთი რაკეტებით და დრონებით მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდა კიევს.
თავდასხმები, რომლებიც მკაფიოდ ჩანდა ცაზე, მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც 29 მაისის დილის 11 საათზე გაისმა გამაფრთხილებელი სირენა, რის შემდეგაც ბევრმა თავი შეაფარა სარდაფებს და მეტროსადგურებს, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კიევიდან.
"ცაზე აფეთქებები ქალაქის რამდენიმე ადგილიდან ჩანდა, მათ შორის კიევის ცენტრიდან", - აღნიშნავს იგი.
თვითმხილველები ამბობენ, რომ კიევში გაიგეს სულ მცირე 10 აფეთქების ხმა, ქალაქის თავზე ცა კვამლით იყო დაფარული.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო დღის განმავლობაში რუსეთის მიერ ქალაქისთვის ნასროლი 11-ვე "ისკანდერის" ტიპის რაკეტა. ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.