Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ნატოში გაწევრიანების ზოგად სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს - ჯო ბაიდენი


ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 მაისი, იაპონია.
ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი. 21 მაისი, იაპონია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ გაამარტივებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პროცესს. მისი თქმით, კიევი უნდა აკმაყოფილებდეს გაწევრიანების ზოგად სტანდარტებს.
"ეს ავტომატურად არ ხდება", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს შაბათს დილით, ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუს საჰაერო ძალების ბაზაზე, გულისხმობდა რა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრი რამ გააკეთა თავისი სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.


ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები წინ უსწრებს ვილნიუსში 11-12 ივლისს დაგეგმილ ნატოს ყოველწლიურ სამიტს. პარასკევს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კარსმომდგარ სამიტზე უკრაინა ალიანსში არ იქნება მიწვეული.


აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ქვეყნები დაჟინებით მოითხოვენ უკრაინისთვის წევრობის მოსაპოვებლად უფრო მკაფიო საგზაო რუკის შემუშავებას, ხოლო შეერთებულ შტატებსა და გერმანიას არ სურთ გასცდნენ 2014 წლის დაპირებას, რომ კიევი ოდესმე შეუერთდება სამხედრო ბლოკს.

უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ დასავლეთი ფრთხილობს გაწევრიანების ოფიციალური თარიღების დადგენას, რადგან ომი გრძელდება.

ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ უკრაინა დაექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლს, რომელიც ალიანსის წევრებს ავალდებულებს, დაიცვან ქვეყანა მასზე თავდასხმის შემთხვევაში.

ივნისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ომის დასრულებამდე ნატოში ვერ გაწევრიანდება.

„ჩვენ ადეკვატური ადამიანები ვართ და გვესმის, რომ ნატოს არცერთ ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ. ამიტომ, გვესმის, რომ სანამ ეს ომი მიდის, ნატოს წევრები არ ვიქნებით. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია,“ განაცხადა მან კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG