კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ გადაბირებული 32000 ყოფილი პატიმარი დაბრუნდა სახლში მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის სრულმასშტაბიან ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ, ვინც ომის შემდეგ გაათავისუფლეს, 83 დანაშაული ჩაიდინეს, რაც "80-ჯერ ნაკლებია, ვიდრე „ვაგნერთან“ კონტრაქტის გაფორმების გარეშე ციხიდან გათავისუფლებულებმა ჩაიდინეს იმავე პერიოდში“.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერში" პატიმრების მიღების შესახებ 2022 წლის ზაფხულში გახდა ცნობილი. მსჯავრდადებულები, რომლებიც გასამართლებული იყვნენ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის - მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება - ომში გაგზავნეს. კონტრაქტის თანახმად, ექვსთვიანი სამსახურისთვის პრიგოჟინი პატიმრებს შეწყალებასა და სისხლის სამართლის მუხლით ნასამართლობის შესახებ ჩანაწერის ამოშლას დაჰპირდა.
იანვრის დასაწყისში პრიგოჟინმა შეწყალებულთა პირველი ჯგუფის შესახებ გამოაცხადა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შეწყალებულთა შორის ქურდები, ნარკორეალიზატორები და მკვლელები აღმოაჩინეს.
თებერვლის დასაწყისში "ვაგნერის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ შეწყდა რუსეთის კოლონიებიდან პატიმრების გადაბირება. არ არის ცნობილი, სულ რამდენი პატიმარი იყო გადაბირებული. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანახმად, გასულ წელს პატიმრების რაოდენობა თითქმის 30 ათასი ადამიანით შემცირდა.
მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა მედიატექნოლოგ კონსტანტინე დოლგოვთან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინაში მთელი ომის განმავლობაში 20 ათასი „ვაგნერელი“ დაიღუპა, მათი ნახევარი გადაბირებული პატიმარი იყო.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროებს მონაცემებს უკრაინასთან ომში დაღუპული სამხედროების, მოხალისეებისა და პატიმრების რაოდენობაზე. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლოს 2022 წლის სექტემბერში გაავრცელა ცნობა ომში 5937 მებრძოლის დაღუპვის შესახებ.