Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 მაისს ყვარელში დაკავებულთა საქმეზე სასამართლოში 2 პოლიციელი გამოიკითხა


სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში
სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში

დღეს, 19 ივნისს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. 14 დაკავებულის სასამართლო სხდომა თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-მდე მოწმე ჰყავდა, დაახლოებით ამდენივე მოწმე ჰყავდათ დაკავებულებს.

დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმე პოლიციელი გამოიკითხა, მათ შორის შს კახეთის სამხარეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი. კლიმიაშვილის გამოკითხვის დროს დარბაზიდან გააძევეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 20 მაისს დაკავებული ნიკა ნარსია. ნარსია ხმამაღალი ტონით ითხოვდა კლიმიაშვილისგან პასუხს კითხვაზე, რატომ შემოუშვეს საერთოდ საქართველოში ლავროვის შვილი და ნათესავები.

ნიკა ნარსია სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს
ნიკა ნარსია სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს

მოსამართლე იოსებ აბრამიძის ბრძანებით, ნარსიას სხდომათა დარბაზი მანდატურმა დაატოვებინა.

"მე ვუთხარი კლიმიაშვილს: თქვენ რომ არ შემოგეშვათ ლავროვის ოჯახი საქართველოში, არაფერი არ მოხდებოდა, საერთოდ. ახლა უნდა დაგვაკისრონ 5000- ლარიანი ჯარიმები იმისთვის, რომ ლავროვის ოჯახს იცავდა ქართული პოლიცია. ეს ანწუხელიძის და იმ გმირების შეურაცხყოფაა, რომლებიც 2008 წელს იბრძოდნენ. მე ვუთხარი პოლიციელს, ხვალ ჩამოგიყვანენ პუტინს და მასაც უნდა ემსახუროთ მეთქი? ამის შემდეგ გამომაგდეს გარეთ", - უთხრა ჟურნალისტებს ნიკა ნარსიამ სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

გამოკითხვის დროს პოლიციელმა გიორგი კლიმიაშვილმა ილაპარაკა იმაზე, რატომ დააკავეს 20 მაისს აქციის მონაწილეები ყვარლის ტბასთან.

"აქცია მიმდინარეობდა მშვიდად. მონაწილეებს ჰქონდათ შეძახილები: პუტინის მონები, ლავროვები... ჩვენ მშვიდად ვუსმენდით. ამის შემდეგ სასტუმროს შიდა ტერიტორიიდან დაიძრა თეთრი ფერის მერსედესის სპრინტერი (მიკროავტობუსი), რომელსაც, როგორც მერე მე გავარკვიე, გამოჰყავდა ისრაელის მოქალაქეები. არ ვიცი, ვინ რა უთხრა აქციის მონაწილეებს, ისინი მიცვივდნენ ამ სპრინტერს, წინ დაუდგენ, დაიწყეს დედის გინება, დაუშინეს კვერცხები. მე ვამშვიდებდი აქციის მონაწილეებს და ვეუბნებოდი, რომ არ იყვნენ რუსები, ისინი მაინც ისროდნენ კვერცხებს. როგორც იქნა, გავაცილეთ ეს სპრინტერი, დავიცავით იმ მოქალაქეების უფლებები... სულ მალე სასტუმროს ტერიტორიიდან წამოვიდა „ტოიოტა ქამრი“. აქციის მონაწილეებს ვთხოვეთ, რომ გაეხსნათ გზა და გაეტარებინათ მანქანა. ისინი მიესივნენ ამ მანქანასაც, დაუწყეს შეძახილები „პუტინი ხუილო“, „პუტინის მონა“, ზოგი ზედ ახტებოდა მანქანას, ზოგი კვერცხებს ესროდა. ჩვენ (პოლიციელები) ვიცავდით ამ მანქანას და ამის გამო აქციის მონაწილეების აგრესია გადმოვიდა ჩვენზე. ახლა ჩვენ გვეძახდნენ პუტინის მონებს და გვეუბნებოდნენ, ბიჭო, ხომ არაფერი გეშლებათო... ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა, კვერცხები გვესროლა და ხელი შეგვიშალა, დავიწყეთ მათი დაკავება“, - თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი კლიმიაშვილმა.

სხდომაზე გამოიკითხა ასევე თელავის პოლიციის უფროსი ბაჩანა ქურასბედიანიც.

სასამართლოს ადმინისტრაციულ გადაცდომაში ბრალდებული ყველა პირი ესწრებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მივიდა. მან პროცესს პოლიტიკური უწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო “ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს დაკავებულების სასამართლო სხდომა 25 ივლისს, 11 საათზე, გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG