Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენზურაზე თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც მომავალში - კულტურის სამინისტრო კინოცენტრში პროცესებზე 


თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი
თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრი

საქართველოს კულტურის სამინისტრო უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს იმ წუხილს, რომელიც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში(კინოცენტრში) ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოითქვა. სამინისტრომ ოფიციალური განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მასზე კომენტარების დაწერის შესაძლებლობა შეზღუდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკპოსტები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და ითხოვდნენ კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

"არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ 10 ივნისს დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი 12 ივლისს დასრულდება, ამ პროცესის მიზანი კი კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივებაა, კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით.

"კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან კავშირში კინოში ცენზურაზე კითხვა დაუსვეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც. მან გააკრიტიკა კინოცენტრი იმის გამო, რომ დააფინანსა "მოთვინიერების" გადაღება - ეს ფილმი აღწერს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობის პროცესს.

ერთი მხრივ, კობახიძემ თქვა, რომ ფილმების შინაარსი აღარ კონტროლდება, მეორე მხრივ კი აღნიშნა, რომ მსგავსი "სამარცხვინო შინაარსის" ფილმი არ უნდა დაფინანსდეს.

"მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული, სწორი შინაარსის [იყოს]. კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია", - თქვა კობახიძემ 19 ივნისს.

ამ ფილმთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს. როგორც კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხაიძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში უთხრა რადიო თავისუფლებას, თეა წულუკიანს არ მოსწონდა ის, რომ დენდროლოგიური პარკი ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის პირად ბაღად არის დახატული.

"მოთვინიერების" მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს Sundance-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. Sundance-ის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე ფილმი ასე იყო დახასიათებული: „ეს არის პოეტური ოდა ადამიანის და ბუნების მეტოქეობაზე“.

XS
SM
MD
LG