Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუა ბრალდებას ისევ უარყოფს


ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში
ბადრი ესებუა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

დღეს, 23 ივნისს, ჩვენების მიცემისას “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ „კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მე არაფერი ვიცი. ვიცი ის მხოლოდ, რაც ტელევიზიით და აქ, სასამართლო პროცესებზე, მოვისმინე“. ის არ აღიარებს ბრალს და უარყოფს რაიმე შემხებლობას ამ საქმესთან.

ესებუას თქმით, 2020 წლის 21 ოქტომბერს, ბანკზე თავდასხმის დღეს, ძირითადად, იმყოფებოდა სახლში და რამდენიმე საათით გავიდა, თუმცა სოფელი არ დაუტოვებია.

“21 ოქტომბერს მთელი დღე სახლში ვიყავი, ერთი ორი საათით ვიყავი გასული, მაგრამ სოფლიდან არ გავსულვარ. ქალაქში ვაპირებდი გასვლას, ჩავიცვი ტანსაცმელი, გავედი სახლიდან, გაჩერებაზე ველოდებოდი სამარშუტო ტაქსს, რომელმაც არ გამოიარა. გავიდა ნახევარ საათზე მეტი. ამ დროს მეზობელმა გამოიარა, სასაფლაოზე აპირებდა წასვლას, მასთანაც ვისაუბრე. არც არაფერი გამოჩნდა წამსვლელი ქალაქისკენ და ჩემს მეზობელს გავყევი სასაფლაოზე. დაახლოებით 2 საათი ვიყავით. ორივე დავბრუნდით სახლებში. ამ საქმესთან დაკავშირებით გავიგე საღამოს ტელევიზიით. მეორე დღესაც სახლში ვიყავი. 21 ოქტომბერს სახლიდან რომ გავედი, დედაჩემი იყო სახლში. შინ დაბრუნებისას დედა დამხვდა და ოდნავ მოგვიანებით მამაჩემიც მოვიდა სახლში, თუ სწორად მახსოვს. სახლის საქმეებს ვაკეთებდით”,- განმარტა ესებუამ.

პროკურორის კითხვაზე, ვინ იყო ის მეზობელი, რომელმაც სასაფლაოზე წაიყვანა, თქვა, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია.

ბრალდებულმა მიმალვის მიზეზად განმარტა, რომ, “მეგობარი პოლიციელისგან” ჰქონდა ინფორმაცია, რომ საქმეში ეჭვმიტანილი იყო და საფრთხე ემუქრებოდა. მან არც ამ პოლიციელის ვინაობა დაუსახელა პროკურორს.

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის სასამართლო სხდომა
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის სასამართლო სხდომა

ესებუას მტკიცებით, პოლიციამ ამ საქმეში ბრალდებულად, სავარაუდოდ, იმიტომ გამოაცხადა, რომ სოციალურ ქსელში სამართალდამცავების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა.

ეს ამბავი გავიგე 23 ოქტომბერს. მეგობარმა მითხრა, რომელიც პოლიციელია, რომ შენი თანასოფლელი მოვიდა და თქვაო, რომ 70-80% ვიცი, ვინც არის თავდამსხმელიო და შენ დაგასახელაო. გამაფრთხილა, ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი თანასოფლელი, ვინც პოლიციელების ინფორმატორია, ნათქვამი აქვს, რომ მე დაგაჭერინებთ თავდამსხმელს და თანამდებობაზე დამნიშნეთო. მანამდეც ისედაც სულ ფრთხილად ვიყავი, რადგან ადრეც ქალაქში როცა გადავადგილდებოდი, სულ მაჩერებდნენ…ზოგადად, ქალაქში გასვლას თავს სულ ვარიდებდი…

სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში არაკორექტულად მოვიხსენიე პოლიციელები და ამის მერე დაიწყო. რაღაცებსაც მითვლიდნენ და ფრთხილად ვიყავი. მეგონა, ყველაფერი გაირკვეოდა. მერე ჩემი ძმა დაიჭირეს და გადამეწურა იმედი”, - თქვა ესებუამ.

ბრალდებულის თქმით, 2 წლის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია და მხოლოდ გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენით გრძელდება “საქართველოს ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმის განხილვა. შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

26 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. ესებუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის 8 თებერვალს დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში, დააკავეს.

ასევე ნახეთ:

XS
SM
MD
LG