Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი რუსეთის მოვლენებზე: ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს მოკლე განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ საჭიროა საქართველოს საზღვრები "ზედმიწევნით" გაკონტროლდეს.

"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით", - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე.

მანამდე, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახლა, "ამ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და ეს ერთადერთია, რაც უნდა გავაკეთოთ". მან, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მოწოდებას "სისულელე" უწოდა და თქვა, რომ უსაფრთხოება დაცულია.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამაზე სახელმწიფო უწყებები ზრუნავენ. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამაზე არ გვჭირდება", - თქვა კობახიძემ.

დღესვე, პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ მოუწოდა ხელისუფლებას, რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს და დროებით ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან.

"საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო", - წერს ის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG