Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთი ოკუპანტია“ - რატომ არ შეუშვეს მაისურზე წარწერის გამო აქტივისტი სტადიონზე


"რუსეთი ოკუპანტია" წარწერა აქტივისტის მაისურზე
"რუსეთი ოკუპანტია" წარწერა აქტივისტის მაისურზე

ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე, 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე არ შეუშვეს აქტივისტი, რომელსაც მაისურზე ეწერა: „რუსეთი ოკუპანტია“. შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.

ბათუმელმა აქტივისტმა რისმაგ ხოზრევანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ წარწერით მაისურებს 3 წელზე მეტია ატარებს: „ბევრი მაისური მაქვს წარწერით „რუსეთი ოკუპანტია“ და ყველგან ამ მაისურით დავდივარ, იმიტომ, რომ აქ მყოფმა ყველა რუსმა და ბელარუსმა, ასევე რუსეთის სხვა მომხრემ დაინახოს და დისკომფორტი მაინც შეექმნათ“.

სტადიონთან მომხდარ ინციდენტს აქტივისტის მეგობარი ტელეფონით იღებდა. ვიდეოში ჩანს, რომ ხოზრევანიძეს ეუბნებიან, რომ მაისურზე წარწერა რეკლამაა და სტადიონზე მისი შეტანა დაუშვებელია, რისმაგ ხოზრევანიძე კი, მოითხოვს განუმარტონ, რომელი კანონის გამო არ უშვებენ.

აქტივისტის თქმით, მას შემდეგ, რაც მეგობარმა ტელეფონით ვიდეოს გადაღება შეწყვიტა კონფლიქტური სიტუაცია უფრო გამწვავდა: ​„ვიდეოში ეს აღარ ჩანს, როცა გათიშა ჩემმა მეგობარმა, პირმა, რომელსაც ველაპარაკებოდი, ხელით გამოიწია ჩემსკენ, რაშიც პოლიცია ჩაერია და დიდ კონფლიქტში რომ არ გადაზრდილიყო, ჩვენ დავტოვეთ ტერიტორია, იმიტომ, რომ მაინც არ გვიშვებდნენ სტადიონზე“.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანახმად, ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე უეფას მიერ დადგენილი წესები მოქმედებს.

„ამ წესების მიხედვით აკრძალულია ყველა სახის სარეკლამო, შეურაცხმყოფელი შინაარსის იქნება ეს, რასისტული, ჰომოფობიური, რელიგიური თუ პოლიტიკური შინაარსის შემცველი ბანერის თუ მაისურის დემონსტრირება. უეფას არც ერთ ღონისძიებაზე არ დაუშვებენ ასეთი მასალით სტადიონზე. სწორედ ამ მიზეზით უსაფრთხოების წესების დაცვის მოთხოვნის ახსნა მოხდა, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი შინაარსის წარწერით შესვლა სტადიონზე“, - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსი თამარ კაპანაძე.

5 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო სტადიონზე გამართულ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ისრაელის ნაკრები დაამარცხა და ფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე 8 ივლისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG