უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში, ბრატისლავაში ჩავიდა, სადაც შეხვედრა იყო დაგეგმილი სლოვაკ კოლეგა სუზანა ჩაპუტოვასთან.
ნატოს წევრ სახელმწიფოებში სტუმრობისას ზელენსკის მიზანია ალიანსის წევრებისგან მხარდაჭერა მოიპოვოს სამხედრო ბლოკში თავისი ქვეყნის გაწევრიანების საქმეში.
ზელენსკი წინა დღეს პრაღაში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას და პრეზიდენტ პეტრ პაველს შეხვდა. ჩეხეთი კვლავაც უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში და დაჰპირდა მას სამხედრო შვეულმფრენებს, საარტილერიო ჭურვებს და ამასთან ერთად უკრაინელი მფრინავების მომზადებას თანამედროვე დასავლური წარმოების თვითმფრინავების მართვისთვის.
ზელენსკი სლოვაკეთიდან თურქეთს გაემგზავრა, სადაც შეხვედრა ექნება პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან.