კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ კომპანიამ შეწყვიტა ახალი მებრძოლების დაქირავება.
პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ტელეგრამის არხ Grey Zonе-ით, ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ არ განიცდის პირადი შემადგენლობის დეფიციტს და არ იგეგმება ახალი რეკრუტირება.
პრიგოჟინის თქმით, ამჟამად „ვაგნერი“ საქმიანობას აგრძელებს მხოლოდ აფრიკაში და ბელარუსის საწვრთნელ ცენტრებში.
ადრე იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ განუსაზღვრელი ვადით აჩერებს რეგიონული ცენტრების მუშაობას მებრძოლთა დაქირავებისთვის, იტყობინებოდა ტელეგრამის არხი, რომელიც ამ კერძო სამხედრო კომპანიისთვის რეკრუტირების სარეკლამო განცხადებებს აქვეყნებს. ცნობაში ნათქვამია, რომ ახლა არ არის ახალი რეკრუტების აყვანის გადაუდებელი საჭიროება „დიდი საკადრო რეზერვის არსებობის გამო“.
23-24 ივნისს „ვაგნერის“ მიერ აჯანყების მცდელობის შემდეგ დაიწყო დაქირავებულთა აყვანის ცენტრების დახურვა. რუსეთის ქალაქების ქუჩებიდან შეუდგნენ კერძო სამხედრო კომპანიაში რეკრუტირების რეკლამების შემცველი ბილბორდების დემონტაჟს.
ივლისის დამდეგს „ვაგნერთან“ დაკავშირებულმა ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს ცნობები დაქირავებულთა რეკრუტირების ერთი თვით შეჩერების შესახებ. მიზეზად სახელდებოდა, რომ „ვაგნერი“ „დროებით არ მონაწილეობდა“ უკრაინასთან ომში და რომ კომპანია ბელარუსში გადადიოდა. თუმცა, როგორც BBC-მ გაარკვია რუსეთის ქალაქების რეკრუტირების ცენტრებში, აჯანყების მცდელობიდან ერთი კვირის შემდეგ „ვაგნერი“ აგრძელებდა მებრძოლთა დაქირავებას.