Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით შეუტია კიევს და ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას


საილუსტრაციო ფოტო. ოდესის ოლქში დრონით განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურა
საილუსტრაციო ფოტო. ოდესის ოლქში დრონით განადგურებული საპორტო ინფრასტრუქტურა

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა ამ მიმართულებით ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით მოწინააღმდეგე დრონებით დაესხა თავს ოდესის ოლქის სამხრეთს, სადაც ხანძარი გაუჩნდა საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას და დაზიანდა ელევატორი.

ოდესის ოლქის სამხრეთში მდებარეობს მდინარე დუნაის პორტები.

გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო კიევსა და კიევის ოლქზე. შსს-ს ინფორმაციით, კიევის ოლქში ხანძარი გაუჩნდა კერძო სახლს. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან. უკრაინელი სამხედროების თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 23 დრონი გაანადგურეს, ძირითადად, კიევის და ოდესის ოლქებში, თუმცა აპარატების ნაწილმა სამიზნეებამდე მიაღწია და ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „რუსმა ტერორისტებმა ისევ დაარტყეს პორტებს, ხორბალს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას". ზელენსკის თქმით, მსოფლიოს რეაქცია უნდა ჰქონდეს, რადგან როცა სამიზნე ხდება სამოქალაქო პორტები და „ტერორისტები შეგნებულად ანადგურებენ ელევატორებსაც კი, ეს საფრთხეა ყველასთვის, ყველა კონტინენტზე" და რუსეთი უნდა შეაჩერონ.

XS
SM
MD
LG