Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ორ ვერსიაზე ვფიქრობთ“ - გეოლოგი შოვის სტიქიაზე


შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შეფასებისას, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში) დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან შოვის სტიქიის მასშტაბი შეადარა თბილისის, ვერეს ხეობის და მანამდე დევდორაკის ცნობილ სტიქიებს და ვარაუდიც გამოთქვა, რომ რაჭაში 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა დაიძრა.

მაინც რა მოხდა შოვში, როგორია გეოლოგების წინასწარი დასკვნები და როგორ შეიძლებოდა მომხდარის თავიდან აცილება თუ არა, მეტად გაფრთხილება მაინც?

გიორგი ბოიჩენკო
გიორგი ბოიჩენკო

რადიო თავისუფლება ესაუბრა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გეოლოგ გიორგი ბოიჩენკოს.

რადიო თავისუფლება: თქვენი, როგორც გეოლოგის შეფასებით, რა მოხდა შოვში, რა პროცესები განვითარდა?

გიორგი ბოიჩენკო: სამწუხაროდ, ჩვენ შორიდან დაკვირვება გვიწევს და არ გვეძლევა შესაძლებლობა, ადგილზე შევისწავლოთ პროცესები. ეს მხოლოდ გარემოს დაცვის სააგენტოს შეუძლია. თუმცა ნანახის მიხედვით, თეორიულად მაინც ვაფასებთ, რა მოხდა. ასეთი მიდგომა გვქონდა ჭუბერზეც და ჩვენი ვარაუდი მაშინაც გამართლდა. რასაც ახლა ვუყურებთ - როგორც მოძრაობდა და რა შედგენილობისაც იყო მეწყერი - ამ ეტაპზე ორ ვარიანტზე ვფიქრობთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო:

რამდენიმე დღის განმავლობაში მოვიდა ჭარბი ნალექი. პირველი ვარიანტით, შესაძლოა, მდინარე ბუბას ზედა ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც გამოიწვია შეგუბება და ეს ნაკადი დაიძრა. და მეორე ვარიანტი - მოწყდა მყინვარის (იქ ორი მყინვარია) ნაწილი, თან წამოიღო მორენა (მიწის მასა და ნატეხი მასა) და ეს ყველაფერი ერთდროულად გადაიზარდა ღვარცოფში. თუმცა მე მაინც მეწყრის ჩამოწოლის ვერსიისკენ ვიხრები. რაც მთავარია, საკმაოდ დიდ მასაზეა საუბარი - როგორც ვუსმინე, 5 მილიონი კუბური მეტრია და ეს ძალიან ბევრია.

რადიო თავისუფლება: ეს იმ ტერიტორიისთვის რამდენად დიდი მასაა?

გიორგი ბოიჩენკო: საკმაოდ დიდი. როგორც ვნახეთ, მთელი შოვი განადგურებულია. მხოლოდ ძველი კომპლექსებია გადარჩენილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასეთ ვითარებაში ისიც არის ხოლმე, რომ არასწორ ადგილებში ვაშენებთ ნაგებობებს. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იდგა. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს.

თბილისის სტიქიის დროს, როცა ახალდაბის მეწყერი ჩამოწვა, იგივე პრობლემა იყო - მაშინაც სვანიძის ქუჩაზე, პირდაპირ კალაპოტში იყო დასახლება. ცხადია, ეს არ არის მოსახლეობის ბრალი. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში სისტემატიზებული, დალაგებული გეოლოგიური სამსახურები, რომლებიც ჩაატარებენ კვლევას და რაც მთავარია, მერე ამ კვლევებს შეასწორებს და თავის მხრივ გამოიკვლევს შესაბამის სპეციალისტთა ჯგუფი. ზუსტად იგივე პრობლემა იყო რამდენიმე წლის წინ ჭუბერში, სადაც ჭალა-კალაპოტში იყო დასახლება გაკეთებული.

რადიო თავისუფლება: ბევრი ითქვა იმაზეც, რომ პრევენცია ასეთ დროს, შესაძლოა, იყოს ე.წ. მონიტორინგის სისტემა, რაც ჩვენ არ გვქონდა ადგილზე.

გიორგი ბოიჩენკო: ეს ძალიან საჭირო, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთულად გასამართი სისტემაა და არც მარტივად სამართავი არ არის.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა იქნებოდა მაშინ ასეთ ვითარებაში გამოსავალი, პრევენციის რა გზას ხედავთ?

გიორგი ბოიჩენკო: ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ მოხდეს ზონირება! ნებისმიერ ხეობაში, ნებისმიერ მდინარესთან წითელი ხაზების გატარება - სად შეიძლება დასახლება და სად არა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდა დღის საათებში. ეს რომ მომხდარიყო ღამით, მაშინ, როცა ყველა შინ იქნებოდა და სავარაუდოდ, ეძინებოდათ, გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნებოდა.

ასეთი მდინარე, როგორიც არის ბუბა ან ჭანჭახი, ანუ მყინვარული მდინარე, საქართველოში და კავკასიაში არის ძალიან ბევრი. პრობლემა ის არის, რომ მყინვარები და დასახლებები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. რომ გაიმართოს ეს გამაფრთხილებელი სისტემები, საჭიროა საკმარისი მანძილი, რომ ჯერ მოხდეს ამის დაფიქსირება და სანამ ეს მეწყერი თუ ღვარცოფი ჩამოვა დასახლებამდე, საკმარისი დროც იყოს, რომ დასახლებული პუნქტის ევაკუაცია მოესწროს. ეს უნდა იყოს იდეალურად გამართული სისტემა.

რადიო თავისუფლება: “მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელმა ნინო გუჯარაიძემ დაწერა ფეისბუკზე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო- გეოლოგიურ ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. 2021 წლის ბიულეტენში, მაგალითად, პირდაპირ წერია, რომ ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. 2022 წლის იგივე ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. ეს ცნობა არ არის საკმარისი სიფრთხილისთვის? რას გვეუბნება ასეთი დასკვნები, თქვენი აზრით?

გიორგი ბოიჩენკო: ის დასკვნები, რაც მათ აქვთ გამოქვეყნებული, ძირითადად, არის აღწერილობითი, დასურათებული და მაინც არის დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეს გაკეთებული. შოვი რამდენად არის მსგავს პრობლემატურ არეალად შემოხაზული, ეს არ ვიცი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ზონა არ გვიკვლევია.

შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა და ჩამოწოლილმა მეწყერმა ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა და 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ისევ ეძებენ ათობით ადამიანს.

ამ დროისთვის ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფიც. დაკარგულებს ეძებენ მოხალისეებიც.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG