Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები


საარქივო ფოტო: ხერსონი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 25 ივნისი, 2023.
საარქივო ფოტო: ხერსონი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 25 ივნისი, 2023.

ხერსონზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, 12 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. მისი თქმით, ღამის განმავლობაში ქალაქზე სამჯერ განხორციელდა იერიში.

პირველი იერიშის შემდეგ ცხრასართულიან კორპუსში გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობისას ორი მაშველი დაშავდა.

მეორე იერიშისას, მას მერე, რაც საარტილერიო ჭურვი სახლს მოხვდა, დაიღუპა 59 წლის ქალი, 60 წლის მამაკაცმა კი კონტუზია მიიღო. მესამე დაბომბვისას დაიჭრა 93 წლის ქალი. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს აფეთქებით მიღებული ტრავმითა და კონტუზიით.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ღამით ხერსონის დაბომბვისას ხანძარი გაჩნდა კერძო სახლსა და საცხოვრებელ კორპუსში. დაღუპული ქალი იპოვეს კერძო სახლის ნანგრევების ქვეშ.

3 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა ხერსონზე საარტილერიო იერიში განახორციელეს. ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის ცენტრში მდებარე წმინდა ეკატერინეს ტაძარს. სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა. ისინი იმყოფებოდნენ ტროლეიბუსში, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ჩაიარა.

ხერსონი, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს, რეგულარულად იბომბება რუსეთის არმიის მიერ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იტყობინებოდნენ მინიმუმ ხუთი დაღუპულისა და 20-ზე მეტი დაშავებულის შესახებ. რუსეთის სამხედროები დაბომბვაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის დაბომბვისას სამი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ ოთხი დაშავდა. ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდილში ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა მართვადი საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. სოფელ კუჩეროვკაში ჭურვი სახლს მოხვდა, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა.

რუსული მედია და ტელეგრამის არხები იტყობინებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის რეგიონის დაბომბვის შესახებ. აცხადებენ, რომ ცეცხლი გახსნეს საარტილერიო დანადგარებიდან, ნაღმსატყორცნებიდან და T-72 ტანკებიდან. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კალუგის ოლქის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რეგიონის თავზე. მსხვერპლი არ ყოფილა. 3 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ განაცხადა, რომ კალუგის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა შვიდი დრონი. კალუგის ოლქი მოსკოვის ტერიტორიას და მოსკოვის ოლქს ესაზღვრება. ივლისის ბოლოდან უპილოტო საფრენმა აპარატებმა ორჯერ მიიტანეს იერიში მოსკოვზე.

XS
SM
MD
LG