Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ეჭვი ეპარებათ უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებაში


ფოტო არქივიდან. უკრაინელი არტილერისტები უტევენ რუსეთის პოზიციებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში
ფოტო არქივიდან. უკრაინელი არტილერისტები უტევენ რუსეთის პოზიციებს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში

ევროკავშირის სამხედრო ხელმძღვანელობა სკეპტიკურად აფასებს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების შესაძლებლობას. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ რობერტ ბრიგერის მიერ გამოცემა Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.

ეს კომიტეტი ევროკავშირის უმაღლესი სამხედრო ორგანოა, რომელიც წევრი სახელმწიფოების გენერალური შტაბების უფროსებს აერთიანებს.

გენერალ ბრიგერის შეფასებით, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შესაძლებელია თუ არა უკრაინის სუვერენიტეტის სრულად აღდგენა კიევის განკარგულებაში დღეს არსებული საშუალებებით. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინელების მიერ ივნისიდან დაწყებულ კონტრშეტევას არსებითი შედეგი ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

ავსტრიელი გენერალი სიფრთხილით ეკიდება პროგნოზს უკრაინის ძალების მიერ რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის შესახებ. რობერტ ბრიგერის თანახმად, უკრაინის შემტევი ბრიგადების რაოდენობა დიდი არ არის და ამასთან, რუსეთს თვეები ჰქონდა მჭიდრო და კარგად გამყარებული თავდაცვის ხაზების შესაქმნელად.

გენერალი ბრიგერი დღეს არსებულ სიტუაციას უწოდებს გამოფიტვის ომს, სადაც გამარჯვებულის განსაზღვრა შეუძლებელია. მისი განცხადებით, სურს, რომ ომი უკრაინის სამხედრო წარმატებით დასრულდეს, თუმცა ამის პროგნოზირება შეუძლებელია. რობერტ ბრიგერი მიიჩნევს, რომ რუსეთს აქვს ომის კიდევ დიდხანს გაგრძელების საშუალებები - როგორც იარაღი, ისე პირადი შემადგენლობის რეზერვი.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რომლებიც რუსეთის არმიას 2022 წლის 24 თებერვლიდან ებრძვიან, 2023 წლის ივნისიდან დაიწყეს კონტრშეტევის ახალი ეტაპი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, მათ შორის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებული რაიონების გასათავისუფლებლად. ანალიტიკოსების შეფასებით, პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აგვისტოს შუა რიცხვებში გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ" სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვის შეცვლას გეგმავს და სულ მცირე ორი კანდიდატურა განიხილება. ამ ინფორმაციის პასუხად ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მისთვის დროებითი ისტორიაა და გადადგომა თავადაც შეუძლია.

23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეცვლა. შესაძლო საკადრო ცვლილებაზე ჟურნალისტების შეკითხვას ზელენსკიმ უპასუხა, რომ მზად არის ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების კომენტირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერს შესაბამის ბრძანებებს.

XS
SM
MD
LG