Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბრიკსის“ სამიტზე გაერთიანების გაფართოების შესახებ გამოცხადდა


"ბრიკსის" სამიტზე
"ბრიკსის" სამიტზე

„ბრიკსმა“, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკას, 24 აგვისტოს ოფიციალურად გამოაცხადა გაფართოება. როგორც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ იოჰანესბურგში „ბრიკსის“ სამიტის დასკვნით პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2024 წლის 1 იანვრიდან გაერთიანებას საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემირო, ირანი, ეთიოპია, ეგვიპტე და არგენტინა შეუერთდებიან.
ამრიგად, „ბრიკსში“ ოფიციალურად იქნება 11 წევრი სახელმწიფო. რას დაარქმევენ ჯგუფს ახალი ქვეყნების შესვლის შემდეგ, ჯერ არ გამოცხადებულა.

„ბრიკსის“ ქვეყნების ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს გაერთიანების გაფართოებით. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა ხაზი გაუსვა, რომ ჯგუფს დიდი გავლენის მქონე ქვეყნები უერთდებიან და მზად არიან, წვლილი შეიტანონ "მშვიდობასა და განვითარებაში."

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთადერთია "ბრიკსის“ ქვეყნების ლიდერებიდან, რომელიც არ ჩასულა სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე. მასპინძელი ქვეყანა მონაწილეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რომლის წესდების თანახმად, პუტინი, რომლის წინააღმდეგაც გაიცა დაპატიმრების ორდერი, უნდა დააპატიმრონ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე. ქვეყნის ხელისუფლებას არ შეეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ ეს არ მოხდებოდა. შედეგად, პუტინმა სამიტში ვიდეოხიდის საშუალებით მიიღო მონაწილეობა, მის ნაცვლად იოჰანესბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმყოფება.

XS
SM
MD
LG