საქართელოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე პირველი თამაში გამართა და ამ რანგის შეჯიბრებაზე დებიუტი ადვილი მოგებით აღნიშნა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი, იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდა და ოცდახუთქულიანი უპირატესობით აჯობა - ანგარიშით 85:60.
ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც თექვსმეტი ქულა ჩააგდო. გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა - თხუთმეტი ქულა და თერთმეტი მოხსნა.
მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მონაწილეობს ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრები, რომლებიც რვა ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო გუნდი მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს. მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები კი მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე პოზიციებზე გადასანაწილებლად გააგრძელებენ თამაშს.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია, კაბო-ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელის ნაკრებებთან ერთად. მეორე ტურში ქართველი კალათბურთელები 28 აგვისტოს სლოვენიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 30 აგვისტოს - ვენესუელას.