Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ახალ რუკებზე რუსეთის ნაწილი საკუთარ ტერიტორიად აღნიშნა


რუსეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი მდინარე ამურზე.
რუსეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო ხიდი მდინარე ამურზე.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2023 წლისთვის გამოაქვეყნა ახალი გეოგრაფიული რუკები, რომლებზეც მდინარე ამურზე მდებარე დიდი უსურის კუნძული ჩინეთის ტერიტორიად არის აღნიშნული. ამის შესახებ RBC იუწყება. ჩინეთი და რუსეთი (სსრკ) ამ ტერიტორიის მფლობელობაზე 1964 წლიდან კამათობენ.

2008 წელს მოსკოვმა და პეკინმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კუნძული ორ ქვეყანას შორის გაიყო. მაშინ ექსპერტებმა ეს შეაფასეს როგორც იმის ნიშანი, რომ მოსკოვს ჩინეთთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის იმედი აქვს.

ახალ ოფიციალურ რუკაზე ჩინეთი მთელ კუნძულს აღნიშნავს ჩინეთის ტერიტორიის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილად. განმარტებით შენიშვნაში ხაზგასმულია, რომ „რუკა შედგენილია ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების საზღვრების გაფორმების ეროვნული სტანდარტების შესაბამისად“.

დიდი უსურის კუნძულის გარდა ჩინეთმა თავის ტერიტორიად გამოაცხადა ინდოეთის შტატი არუნაჩალ პრადეში და აქსაიჩინის სასაზღვრო რაიონი. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოუხატა პეკინს პროტესტი. მოსკოვს ჯერ არ ჰქონია ახალ რუკებზე რეაქცია.

რუკების ოფიციალური კომპლექტი გამოყენებულ იქნება მედიაში, მათ შორის ახალ ამბებში, წიგნებსა და სარეკლამო მასალებში. რუკები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი საცნობარო ინფორმაცია.

დიდი უსურის კუნძულს დაახლოებით 340 კვადრატული კილომეტრი უკავია. იგი მდებარეობს ხაბაროვსკთან ახლოს, ამურის დაბლობზე, მდინარე უსურის შესართავთან.

კუნძულის კუთვნილების შესახებ დავა რუსეთსა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ 1800-იან წლებში დაიწყო, ხოლო 1920-1930-იან წლებში კუნძულზე საბჭოთა ჯარებმა დაამყარეს კონტროლი.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კუნძული რუსეთის იურისდიქციის ქვეშ დარჩა. ჩინეთი კუნძულის სტატუსზე 1964 წლიდან დავობდა, მაგრამ 2008 წლის შეთანხმების შემდეგ რუსეთსა და ჩინეთს შორის არავითარი ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა კუნძულის მფლობელობის შესახებ.

XS
SM
MD
LG