Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA ზაპოროჟიეს აესის მახლობლად მრავალი აფეთქების შესახებ იტყობინება


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 2009 წლის ივლისი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 2009 წლის ივლისი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებიან უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში, გასული კვირის განმავლობაში მრავალი აფეთქების ხმა გაიგეს, იტყობინება შაბათს Deutsche Welle.

IAEA-ის ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, გუშინ განაცხადა, რომ არსებული გარემოებები მიუთითებს რეგიონში სამხედრო აქტივობის შესაძლო ზრდაზე, რაც „შეიძლება პოტენციურ საფრთხეს უქმნიდეს ობიექტზე ბირთვულ უსაფრთხოებას“.

IAEA-ის ექსპერტების თქმით, აფეთქებები ისმოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან გარკვეულ მანძილზე. შაბათიდან, 2 სექტემბრიდან მოყოლებული, სამი დღის განმავლობაში ორგანიზაციის თანამშრომლებმა დათვალეს ორი ათეული აფეთქება და კიდევ რამდენიმე - მომდევნო დღეებში. თუმცა, თავად სადგურისთვის ზიანი არ მიუყენებიათ, აღნიშნა გროსიმ.

IAEA-ის ექსპერტებს ჯერ კიდევ არ მოეპოვებათ წვდომა ზოგიერთი ენერგობლოკის სახურავზე, ნათქვამია ასევე გამოცემაში. ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა რამდენიმე ენერგობლოკის სახურავებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსა. მოსკოვმა უარყო ბრალდებები.

8-დან 10 სექტემბრამდე ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა უკრაინაში შეჭრის პროცესში, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილში, კენჭისყრა მიმდინარეობს რუსეთის მორიგი არჩევნების ფარგლებში. ზაპოროჟიეს ოლქში საოკუპაციო ხელისუფლებამ მოაწყო „საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები“.

უკრაინამ დაგმო კენჭისყრის ჩატარება და მას „რუსეთის უმნიშვნელო და თვითნებური ქმედებები“ უწოდა.

XS
SM
MD
LG