Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ლორთქიფანიძეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან


ფოტო არქივიდან: გიორგი ლორთქიფანიძე
ფოტო არქივიდან: გიორგი ლორთქიფანიძე

გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე ამბობს, რომ წლების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილეს შემხებლობა არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან. ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის ადვოკატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას და მას სრული ბოდვა უწოდა.

"სრული ბოდვაა სუსის დღევანდელი განცხადება. გიორგი ლორთქიფანიძე გამორიცხავს რაიმე სახის მონაწილეობას განცხადებაში დასახელებულ პირებთან. ის 8 წელია, ქვეყანაში არ ყოფილა, იდევნება საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით. ეს პერიოდი ის აქტიურად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მას არანაირი შემხებლობა ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, არანაირი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები საქართველოში არ აქვს.

ნაცვლად იმისა, რომ სუსი განმარტებებს აკეთებდეს, რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასანქცირდა აშშ-ის მიერ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, ჩვენ ვისმენთ აბსურდულ და ცრუ ბრალდებებს", - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.

დღეს, 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.

არეულობის გეგმის ავტორებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სუსის მაღალჩინოსნის ნათქვამს გაამყარებდა, სახელმწიფო უწყებას არ გამოუქვეყნებია.

XS
SM
MD
LG