Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის ცნობით, უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ


21 სექტემბერს თეთრ სახლში გაიმართა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა
21 სექტემბერს თეთრ სახლში გაიმართა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი უწოდა ვაშინგტონში თავის ვიზიტს.

22 სექტემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ახალი სამხედრო პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჭურვებს და საინჟინრო საშუალებებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, არის გრძელვადიანი შეთანხმებაც - იმუშავებენ, რათა უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ისტორიული“ და „ერთიანობის ახალი დონე“. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინას შეუძლია აწარმოოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახალი თავდაცვითი ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთობლივად გააძლიერონ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამას გლობალური დადებითი შედეგები მოჰყვება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.

ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტისას ოფიციალურად გამოცხადდა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.

დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა გაუწიოს 24 მილიარდი დოლარის დახმარება, რასაც არაერთი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება. დახმარების ახალი პაკეტი კონგრესის ორივე პალატამ - სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ - უნდა დაამტკიცოს. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.

XS
SM
MD
LG