Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით ისევ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას


6 ოქტომბერს, რუსეთმა დრონებით შეტევა მიიტანა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე
6 ოქტომბერს, რუსეთმა დრონებით შეტევა მიიტანა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, გასულ ღამით თავდასხმა იყო მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია ხორბლის საცავი და დამწვარია 9 სატვირთო ავტომანქანა. კიპერის ცნობითვე, მუშაობა დროებით შეწყვიტა საბორნე გადასასვლელმა.

მდინარე დუნაიზე უკრაინასა და რუმინეთს შორის საბორნე გადასასვლელია დაბა ორლოვკაში, რომელიც უკრაინის საპორტო ქალაქებს, იზმაილსა და რენის შორის მდებარეობს. რუსეთი ოდესის ოლქის ამ ნაწილს ინტენსიურად უტევს 2023 წლის ზაფხულიდან, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.

თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმება უზრუნველყოფდა შავი ზღვით უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, უკრაინამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, თავად აამოქმედა საექსპორტო დერეფანი.

უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, ოდესის ოლქში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ნიკოლაევის ოლქში - 8. რამდენმა დრონმა მიაღწია სამიზნემდე, დაკონკრეტებული არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან შეუტიეს 33 უპილოტო საფრენი აპარატით. სარდლობის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ნიკოლაევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის და ჟიტომირის ოლქებში 25 დრონი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG