Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დასავლეთს ისტორიის ლექცია წაუკითხა და თქვა, რომ ომს გააგრძელებს


ტაკერ კარლსონის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.
ტაკერ კარლსონის ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტთან 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა.

ამერიკელი კომენტატორის, ტაკერ კარლსონის ინტერვიუს ვლადიმირ პუტინთან, თქვენ ნაცვლად ვუყურეთ და ორი საათი დაგიზოგეთ. ინტერვიუ 9 თებერვალს, გამთენიისას გამოქვეყნდა. წაიკითხეთ ყველაზე საინტერესო მომენტები, გაიხსენეთ ფაქტები და მოსაზრებები პუტინის განცხადებების უკან.

რატომ შეიჭრა უკრაინაში?

ამ კითხვაზე პასუხი ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტისგან ვერ მიიღო. სამაგიეროდ მოისმინა 30-წუთიანი ლექცია რუსეთის ისტორიაზე და დასკვნა, რომ უკრაინა სუვერენული ქვეყანა არასდროს ყოფილა, ის ლენინმა შექმნა.

თანაც, დაამატა პუტინმა, უკრაინის ტერიტორიებს ითხოვს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ უნგრეთიც.

ყველაფერი მაიდნის ბრალია

უკრაინის 2014 წლის “ღირსების რევოლუციას” პუტინი [და მისი პროპაგანდაც] “სახელმწიფო გადატრიალებას” ეძახის. ეგ ისტორია ბევრჯერ გექნებათ გაგონილი. ამერიკული სპეცსამსახურების დახმარებით უკრაინას დაეპატრონენ ნეონაცისტები, რომლებმაც რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება დაიწყეს.

ამიტომაც “დაიბრუნა” რუსეთმა ყირიმი. 2022 წლის 24 თებერვალს კი პუტინს უბრალოდ მოთმინების ფიალა აევსო. ამიტომაც გამოაცხადა უკრაინის “დენაციფიკაცია”.

პუტინი დასავლეთზე ნაწყენია

ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს. “კოლექტიურმა დასავლეთმა” რუსეთი მოატყუა, როცა დაჰპირდა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, - უკვე მერამდენედ გაიმეორა პუტინმა. სინამდვილეში, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ რუსეთმა მსგავსი დაპირება მართლა მიიღო.

პუტინმა თქვა, რომ 2000 წელს მართლა განიხილავდა ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ბილ კლინტონმა უთხრა, რომ ეს “შეუძლებელია”.

ომი როდის დასრულდება?

როცა უკრაინა მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას და დასთანხმდება რუსეთის პირობებს. ანუ, პირველ რიგში, უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე და [პუტინის საყვარელ საფრთხობელაზე], “ნეონაციზმზე”.

“ომის დასრულება თუ მართლა გინდათ [ამერიკელებს მიმართავს], იარაღის მიწოდება შეუწყვიტეთ [უკრაინას]. ყველაფერი რამდენიმე კვირაში დასრულდება”.

ომის პირველ თვეებში, უკრაინა მზად იყო შეთანხმებისთვის. მაგრამ დასავლეთმა გადააფიქრებინა, - თქვა პუტინმა. უკრაინელები, საბოლოო ჯამში, მაინც რუსები არიან და ბოლოს აუცილებლად შეურიგდებიან მას.

რუსეთი თავს არავის ესხმის

არც დაესხმება. დასავლეთი უბრალოდ აშინებს საკუთარ მოსახლეობას.

პოლონეთში ან ლატვიაში რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიჭრება, თუკი ისინი რუსეთს თავად შეუტევენ.

“რუსეთს არ აქვს არავითარი ინტერესები არც პოლონეთში, არც ლატვიაში - არსად. ეს არაფერში გვჭირდება”, - თქვა პუტინმა.

არც მას და არც ტაკერ კარლსონს არ უხსენებიათ 2008 წლის ომი. არც ის, რომ რუსეთი წლების მანძილზე ამარაგებდა იარაღით და ცოცხალი ძალით აღმოსავლეთუკრაინელ სეპარატისტებს.

საქართველო პუტინმა მაინც ახსენა

მან თქვა, რომ უკრაინაში საომრად ჩასული მოხალისეების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში რიგით მესამე ქვეყანაა. პირველ-მეორე ადგილზე აშშ და პოლონეთი დაასახელა.

ირიბად ახსენა 2019 წელს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი. ხანგოშვილის მკვლელი რუსია და მას ეფესბესთან აკავშირებენ. ის ახლა ბერლინში სამუდამო პატიმრობას იხდის, და შეიძლება რუსეთმა გაცვალოს დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტში, ევან გერშკოვიჩში.

დაბოლოს…

პუტინი მართლმადიდებელია

მართლა ასე თქვა. ტაკერ კარლსონმა ჰკითხა, როგორც ქრისტიან ლიდერს, ხომ არ უჭირს ომის წარმოება, რომელშიც უამრავი ადამიანი იღუპება.

არა, არ უჭირს.

“ჩვენ ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს სამშობლოსა და ჩვენს მომავალს”, - თქვა მან.

94 მილიონი ნახვა

ტელეარხ "ფოქს-ნიუსის" ყოფილმა წამყვანმა ტაკერ კარლსონმა ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ მოსკოვში, 6 თებერვალს ჩაწერა და 9 თებერვალს გამოაქვეყნა.

რუსული მედია ინტერვიუს ზარ-ზეიმით შეხვდა და “ისტორიის გაკვეთილი” უწოდა, რომელიც პრეზიდენტმა “კოლექტიური დასავლეთის” მოსახლეობას ჩაუტარა.

ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტში (ანუ ინტერვიუს დადებიდან 12 საათში), ამერიკელი ჟურნალისტის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს ილონ მასკის პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) 94 მილიონი ნახვა აქვს.

ტაკერ კარლსონი, წლების მანძილზე აშშ-ის უმსხვილესი ტელეარხის, Fox News-ის წამყვანი, ხშირად ავრცელებდა შეთქმულების თეორიებს, რომლებსაც ამერიკაში ბევრი რასისტულად თვლის.
იგი ამართლებდა 2021 წლის 6 იანვრის თავდასხმას აშშ-ის კაპიტოლიუმზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა. ტაკერ კარლსონი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა “ძირითადად მშვიდობიანი” იყო.
Fox News-მა კარლსონი შარშან აპრილში დაითხოვა, მიზეზის განუმარტავად. ამერიკაში ბევრს სჯერა, რომ მიზეზი სასამართლო დავაა, რომელიც არხს ამერიკულ კომპანია “დომინიონთან” ჰქონდა.
სწორედ “დომინიონის” მიერ წარმოებულ ხმის დამთვლელ მანქანებს იყენებდნენ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტაკერ კარლსონი და მისი გადაცემის სტუმრები კი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ განგებ გააყალბა ხმები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ.
ეს სასამართლო დავა FOX-ს 787 მილიონი დოლარი დაუჯდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG