Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და თბილისის გარიგების მოგონილი შიში და ცხინვალში გაჭედილი დეპუტატების ამბავი


 ფოტოილუსტრაცია: ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრები, გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი.
ფოტოილუსტრაცია: ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრები, გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის წევრები, გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ამბობენ, რომ იდევნებიან რუსეთში მოქმედი პროქართული ძალების მიერ და, შესაძლოა ეს „სამხრეთ ოსეთის საქართველოში შეყვანის“ მცდელობაზე მიანიშნებდეს.

  • რამდენად რეალურია რუსეთის მიერ სანქცირებული „დეპუტატების“ ვარაუდი?
  • რატომ ერჩის მოსკოვი და ფსბ ცხინვალელ „დეპუტატებს“?

რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი, რომელზეც დაკავების ორდერი აქვს გაცემული ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ამბობს, რომ არ ეძლევა მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან მას და მის ორ კოლეგას, გარი მულდაროვსა და ძამბოლატ მედოევს, რუსეთის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი
სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი

„აგვიკრძალეს რუსეთის ფედერაციაში შესვლა, თუ რატომ, მიზეზი არ უთქვამთ. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის სულისკვეთებას, ასევე ლახავს ჩვენს უფლებას სამართლიანი სასამართლოს შესახებ, მიგვაჩნია პოლიტიკურ დევნად და განუკითხაობად, რასაც საერთო არაფერი აქვს კანონიერებასთან. როგორ უნდა დავიცვათ თავი სასამართლოში, როცა იქ მოხვედრაც კი არ შეგვიძლია?

მშვენივრად გვესმის, რომ ეს საკითხები წყდება რუსეთში მყოფი პროქართული ძალების მიერ ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად.

მინდა მივმართო ოსეთის მოსახლეობას: ის, რომ სამ ადამიანს ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა, არ წარმოადგენს გლობალურ პრობლემას. თუ დეპუტატებს არ შეუძლიათ ოსეთის ერთი ნაწილიდან მეორეში გადასვლა იმ პოზიციის გამო, რომელიც ჩვენ გვაქვს საზღვრებთან დაკავშირებით, მაშინ წარმოიდგინეთ რა იქნება ხვალ? ხომ არ დაიწყება იმ ადამიანების დევნა, რომლებიც მიიჩნევენ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარს სახელმწიფო საზღვრად? ეს სერიოზული საკითხია.

ეს უბრალოდ ვარაუდი არ არის, არამედ ძალიან ჰგავს იმას, რომ საქმე გვაქვს სამხრეთ ოსეთის საქართველოში შეყვანის პირდაპირ ქმედებებთან, ამიტომ რეაქცია უნდა გვქონდეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უნდა ჰქონდეს ბევრ სხვასაც“, - ამბობს დავით სანაკოევი ვიდეომიმართვაში, რომელიც თავისი პარტიის ტელეგრამარხზე გამოაქვეყნა.

სანაკოევის თქმით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ფსბ-ს დეპარტამენტის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მას და მის თანაპარტიელებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ 2049 წლის 18 მარტამდე. მიზეზად მითითებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლისა და რუსეთის ფედერაციის დატოვების პროცედურების შესახებ ფედერალური კანონის“ ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება აიკრძალოს, თუ „ეს აუცილებელია სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ან უსაფრთხოების, ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად".

შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ გვარის, სახელისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეცვლა ცხინვალელ „დეპუტატებს“ არ მისცემს უფლებას გადაკვეთონ რუსეთის საზღვარი.

გარი მულდაროვი, დავით სანაკოევი და ძამბოლატ მედოევი „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის“ მომხრეები არიან და მათი ხედვა ამ საკითხში არ ემთხვევა დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელობისა და რუსი მესაზღვრეების ხედვას.

მულდაროვი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიას“, სანაკოევი კი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრი.

2022 წლის 30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. ეს დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

რუსეთის მიერ სანქცირებულ ცხინვალელ „დეპუტატებს“ რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, სოსლან ფიდაროვიც გამოექომაგა:

„ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ, მათ აღელვებთ სამხრეთ ოსეთის ბედი და დიდად მადლიერები არიან რუსეთისაც. გარი მულდაროვი საერთოდ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში [რუსეთ-უკრაინის ფრონტზე] იყო ჩასული ჰუმანიტარული ტვირთით. ეს ის ხალხია, რომელიც მადლიერებას გამოხატავს რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფოს მისამართით.

დღეს კი გვესმის, რომ მათ მოქალაქეობა ჩამოართვეს. თუ რამე კონკრეტიკა არსებობს, თუ მათი ქმედებები რამენაირად ემუქრებოდა ვინმეს უსაფრთხოებას რუსეთში, გვითხრან. თუ არგუმენტები იქნება, უფრო მკაცრად დასჯას მოვითხოვთ. მაგრამ ჯერ არაფერი მსგავსი არ გვინახავს.

მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს ძმებს სამხრეთ ოსეთში - დეპუტატებს მულდაროვს, სანაკოევსა და მედოევს. უსიამოვნო ინციდენტია, გაურკვეველია, საიდან მოდის ეს ყველაფერი. არსებობს ვერსია, რომ დასავლურმა ლობისტებმა იმოქმედეს“.

„დეპუტატების“ საკითხთან დაკავშირებით 2024 წლის 29 მარტს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო სათათბიროს. მიმართვის ტექსტი თვითონ დავით სანაკოევმა წაიკითხა „საკანონმდებლო ორგანოს“ სხდომაზე:

„ოს ხალხს არასოდეს დაავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა რუსეთის აღიარების წყალობით მოხდა. <…> სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 90%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ისინი, ისევე როგორც მათ მიერ არჩეული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები, სრულად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ათასობით მოქალაქე იმყოფება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფრონტებზე, სადაც გმირულად იბრძვიან რუს ჯარისკაცებთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ, როგორც რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები, მუდმივ კავშირში ვართ მათთან, რეგულარულად ვუწევთ დახმარებას და თავად მივდივართ ჩვენი მებრძოლების განლაგების ადგილებში“, - ნათქვამია მიმართვაში.

ე.წ. პარლმენტის შენობა. ცხინვალი
ე.წ. პარლმენტის შენობა. ცხინვალი

მოსკოვში გაგზავნილ დოკუმენტში რუს დეპუტატების სთხოვენ დაეხმარონ ფსბ-დან ინფორმაციის მიღებაში, თუ რა საფრთხეს უქმნიან სანაკოევი, მულდაროვი და მედოევი რუსეთის ფედერაციას. მიმართვას ცხინვალის პარლამენტის 35 დეპუტატიდან 20-მა დაუჭირა მხარი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი დარწმუნებულია, რომ ცხინვალში ყველამ, მათ შორის „დეპუტატებმაც“ იციან, სისნამდვილეში რატომ ჩამოართვეს სანაკოვევსა და მის თანაპარტიელებს რუსეთის მოქალაქეობა და რატომ არ უშვებენ მათ რუსეთის ტერიტორიაზე.

„ისეთი რა გააკეთა ამ სამმა დეპუტატმა, რომ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია? მათი ძალისხმევით ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიამ დაწერა დასკვნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ არსებული „საზღვრები“ გავლებულია არასწორად და, რომ ოსური მხარის სასარგებლოდ გაცილებით მეტი ტერიტორია უნდა იყოს.

გარდა იმისა, რომ ეს ქართულ მხარესთან და ზოგადად სიტუაციის გამწვავებას იწვევს, რუსეთს სხვა რამის გამოც აღიზიანებს.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენი ფული და შრომა აქვს ჩადებული რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების მოწყობასა და აღჭურვაში. ამ დროს კი მოდიან ვიღაც ე.წ. დეპუტატები და ცდილობენ ცვლილებები შეიტანონ მოსკოვის გაწეულ ამხელა ძალისხმევაში. ამან გამოიწვია დიდი გაღიზიანება და ამის გამო მიუჩინეს მათ თავიანთი ადგილები.

აჩვენეს, ვინ არის ამ სახლში ბატონი. ეს არის რუსეთის პრინციპული პოზიცია და არა ის, რომ პროქართული ლობი მუშაობს და ა.შ.“, - ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომლის თქმითაც, ისიც წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომ თითქოს რუსეთი აპირებდეს ქართველებისთვის „ცხინვალის დაბრუნებას“:

„ცხინვალში არის ასეთი განწყობა, თუმცა ის არანაირ ანალიზს არ ექვემდებარება. ამის არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ ჩანს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ხელისუფლება ძალიან კომფორტულია რუსეთისთვის, მით უმეტეს, უკრაინის ომის ფონზე და ამას არც მალავენ.

კი ბატონო, კრემლიდან იყო ადგილზე ჩასული ე.წ. ექსპერტი, რომელმაც გააფრთხილა ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომ ამ ეტაპზე არ აწყობთ თბილისის გაღიზიანება იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და, რომ საქართველოს სწორი პოზიცია უკავია. მაგრამ ეს არაფრით არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი თავისი ნებით დათმობს ტერიტორიას, რომელზეც ასობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული, სადაც ცოცხალი ძალა შეიყვანა, იომა, თავისი ბაზები განათავსა და ა.შ. რა თქმა უნდა, არანაირი ილუზია არ არსებობს, რომ რუსეთი კეთილგანწყობის გამო დათმობს ამ ტერიტორიას, ასეთი რამ გამორიცხულია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG