გიორგი ახობაძე მოითხოვს დარბაზში შემოვიდეს ადვოკატი, ქეთევან აბულაძე. მოსამართლემ იკითხა, არის თუ არა საქმეში მისი ორდენი, მიუღია თუ არა ოდერსე განხილვაში მონაწილეობას და საქმის მასალების ფურცვლას იწყებს; ამბობს: „...მერე ვიღაცებმა ილუზიები რომ არ მოაბან და თეორიები".
„ჩემზე საუბრობთო?“, - ეკითხება გიორგი ახობაძე, ხმაში გაღიზიანება ეტყობა.
რომეო ტყეშელაშვილი ჩვეული სტილით პასუხობს: „ვიღაცები არის ვიღაცები...
[გადალაპარაკებაა მოსამართლესა და ბრალდებულს შორის, გარკვევით არ ისმის]
„თქვენ ახლა საუბარი შეწყვიტეთ, დიქციას და ტონს სასამართლოს ვერავინ მიუთითებს, სასამართლო უთითებს სხვას ტონს და დიქციას და შეწყვიტეთ", - ამბობს რომეო ტყეშელაშვილი და საქმის მასალებში ადვოკატის ორდენის ძებნას იწყებს.
მოსამართლე ამბობს, რომ საქმეში ადვოკატ ვინმე ქეთევან აბულაძის ორდენი არ დევს, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც აძლევს უფლებას მანდატურს ის სხდომაზე დაუშვას.
„მოცემულ საქმეში, მოცემულ სხდომაზე არ ფიქსირდება", - ამბობს მოსამართლე. ის იგივეს ეკითხება პროკურორს, შმაგი გობეჯიშვილს.
პროკურორი პასუხობს, რომ არც ერთ სხდომაზე ადვოკატი ქეთევან აბულაძე არ ყოფილა.
მოსამართლე აფრთხილებს დამსწრეებს, რა გზებს შეიძლება მიმართოს სასამართლომ, თუ მიიჩნევს, რომ წესრიგი დაირღვა.
რომეო ტყეშელაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეში არ არის ქეთევან აბულაძის ორდერი და ამატებს: „არ ვიცი ეს რას ემსახურებოდა".
იწყება დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. პირველივე, რაზეც ადვოკატი, მარიამ მაძღარაშვილი იწყებს საუბარს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მიიჩნია, რომ ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნეიტრალური მტკიცებულება უნდა შექმნან. ეს შეიძლება პოლიციელის მიერ გადაღებული ვიდეოც იყო ან ჩხრეკის თვითმხილველი.
„მოწმის სახით დაიკითხა 6 პოლიციელი, რომლებიც იმყოფებოდნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რა დროსაც გიორგი ახობაძეს მოტყუებით ჩაუდეს ნარკოტიკი. მათი გამოკითხვის ოქმებში წერია, რომ გადაღება ვერ მოხდა ადამიანური რესურსის არქონისა და ტექნიკური საშუალებების არქონის გამო... ექვსივემ დაგვიდასტურა, რომ მობილური ტელეფონი არის ტექნიკური საშუალება, მაგრამ ამტკიცებენ, რომ „ტექნიკური საშუალება არ ჰქონდათ".
ადვოკატი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პოლიციელების ჩვენების სანდოობას და ინტერესდება, თუ ვიდეო ვერ გადაიღეს, რატომ ვერ მოახერხეს ნეიტრალური მოწმის მოძიება ადგილზე, რომელიც დაესწრებოდა ჩხრეკას და დაადასტურებდა ან უარყოფდა ნარკოტიკის ქონის ფაქტს.
პოლიციელებმა დაუდასტურეს დაცვის მხარეს, რომ მათ იციან „უნდა გადაიღონ".
ფორუმი