Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (08/08/2025)

დასკვნით სიტყვას იტყვიან დავით ხომერიკის ადვოკატები. შოთა თუთბერიძის ცნობით, ბრალდებული მუსიკოსი მზადაა, რომ თავადაც წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურაამბობს, რომ მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები იპოვეს.

16:18 8.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. ის იწყებს დაკავების გარემოებებზე საუბრით.

[დავით ხომერიკი, თავის ძმასთან ზუკა ხომერიკთან ერთად, ორ დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დილის ცხრა საათისთვის დააკავეს.

პოლიცია ამბობს, გზას ხელოვნურად კეტავდნენ და ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილნენო. ზუკა ხომერიკის პროცესი დაკავებიდან მალევე გაიმართა, ის სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს.

გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“.]

ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:

„გჯერათ, თუ არა, რომ...ობიექტურად მოაზროვნე ადამიანისთვის, რამდენად დამაჯერებელია მოწმეების ჩვენება, რომლებიც აცხადებდნენ რომ დავით ხომერიკი იდგა ნაგვის ყუთთან და პოლიციელების მისვლის შემდეგ არ უცდია რაიმეს მოშორება, გაქცევა, წინააღმდეგობა, იდგა და ელოდა, როდის დააკავებდნენ ამ ნივთიერებებით და ნივთებით ზურგჩანთაში?

რეალობა იყო სხვა, აქციიდან წამოსული დავით ხომერიკი, რომელიც თამარაშვილის გავლით მიდიოდა სახლისკენ, რომელსაც მოსდევდა პოლიციის ფორმაში ჩაცმული ცრუ მოწმეების ჯგუფი...პოლიციელები მას აყენებდნენ როგორც ფიზიკურ ისე სიტყვერ შეურაცხყოფას მანქანაში და განყოფილებაში, მას არ მიეცა ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა, აქ მოიტყუეს კიდეც, რომ მას არ შეეზღუდა ადვოკატთან დაკავშირება".

ადვოკატის თქმით, განყოფილებაში დავით ხომერიკის აღიარებითი ჩვენება პოლიიამ „იძულებით შედეგით მოიპოვა".

[ 2 დეკემბერს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ძმები ხომერიკები აქციის მონაწილეებთან ერთად მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა დაიწყო და მათ ქუჩებში დაედევნა. რამდენიმე ადამიანს სცემეს და დააკავეს მეტრო „რუსთაველის“ ვესტიბიულშიც.]

[აქციის მონაწილეები კორპუსების სადარბაზოებსა და ეზოებში შერბოდნენ, თუმცა ეს არ იყო უსაფრთხო ადგილი - ნიღბიანი ძალოვნები მათ სადარბაზოებსაც ამოწმებდნენ]

16:22 8.8.2025

ახლა ადვოკატი მოწმე პოლიციელების ჩვენებებს მიმოიხილავს და ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე, რომელიც მათი მონაყოლის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ყველა მოწმე აღნიშნავდა ბრალის გამძაფრების მიზნით, რომ ისინი გრძნობდნენ სუნს ამ ბოთლებისა, მათ შორის ავტომობილში ტრანსპორტირების დროს და მათ აღნიშნეს, რომ დავით ხომერიკი მათ უყვებოდა, რომ ჩანთაში ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. თქვენ გჯერათ, რომ პოლიციელები ამას ისმენდნენ და ჩემს კითხვაზე, რატომ არ შეამოწმეს, პასუხობენ, რომ „არ დაიჯერეს?". მათ პროფესიული წესები დააღვიეს".

ადვოკატის თქმით, კანონითაა გათვალისწინებული, რომ ჩხრეკის ოქმი უნდა შეადგინოს იმან, ვინც ამ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს და აგრძელებს: „ასევე მოვისმინეთ ახალი პრაქტიკის შესახებ, თურმე დამკვიდრებულა შსს-ში, რომ ჩხრეკა შეიძლება ჩაატაროს სხვამ და ოქმი შეადგინოს პირმა, რომელიც არც კი შესწრებია ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას.

„ამ პირმა დაგვიდასტურა, რომ მოყოლით შეადგინა ოქმი, რა იქნებოდა გორიდან ჩამოსულიყო ვინმე, ნიკა კიზირიას მოეყოლა და ოქმი შეედგინათ ასე?", - სვამს კითხვას შოთა თუთბერიძე.

16:28 8.8.2025

„გჯერათ ბატონო მოსამართლე, რომ პირს, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილი აქვს და ამის გამო აკავებენ, არათუ გაქცევას, ამ ნივთის მოშორებასაც არ ცდილობს?", - კიდევ კითხვას უსვამს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

ადვოკატის თქმით, დღეს ბევრს ისაუბრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევაზე პოლიცილების მხრიდან. თავდაპირველად დავით ხომერიკი სწორედ ადმინისტრაციული წესით დააკავეს. არც დავით ხომერიკის ჩხრეკას ესწრებოდა ნეიტრალური პირი. მოწმეები მხოლოდ დამკავებელი პირები არიან.

შოთა თუთბერიძე ეჭვობს, რომ დაკავების ოქმს დეტალები მოგვიანებით დააკავეს.

„ძალიან წვრილად განსხვავებული კალმით არის მიწერილი, მიჯღაბნილი - აქციის მიმდინარეობისას თან ჰქონდა სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთი".

16:30 8.8.2025

„თქვენ გჯერათ, რომ დამკავებელმა პირებმა, რომლებმაც იპოვეს მოლოტოვის კოქტეილი დავით ხომერიკის ჩანთაში, დაკავების ოქმში ჯერ დაწერეს, რომ გზას კეტავდა და შემდეგ გაახსენდათ, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჰქონდა?", - შოთა თუთბერიძის კიდევ ერთი კითხვა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG