27 წლის ვიქტორია როშჩინა დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს რადიო თავისუფლებასთან და სხვა ცნობილ უკრაინულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობდა. ის 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა. ერთი წლის შემდეგ, მან ოჯახს რუსული პატიმრობიდან დაურეკა. ამის შემდეგ ოჯახმა ქალიშვილის შესახებ აღარაფერი იცოდა 2024 წლის ოქტომბრამდე, როდესაც ოფიციალურად დადასტურდა მისი გარდაცვალება.
„ვიქტორია, როგორც ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, როგორც კოლეგა, აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც სხვას არავის შეეძლო ან არ სურდა“, - განაცხადა კიევში გამართულ ცერემონიაზე რადიო თავისუფლების უკრაინის ბიუროს მთავარმა ციფრულმა რედაქტორმა, ტარას ილკივმა.
ჟურნალისტის მამის, ვოლოდიმირ როშჩინის თქმით, მას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის მაისში აცნობა, რომ მისი ქალიშვილი დაკავებული იყო და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი დაკავების მიზეზი არ დაუსახელებიათ. 2024 წლის ოქტომბერში კი რუსეთის ხელისუფლებამ როშჩინს განუცხადა, რომ მისი ქალიშვილი ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.
დაიღუპა რუსების ტყვეობაში - კიევში ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ
1/14კიევის წმინდა მიქაელის ოქროსგუმბათოვან ტაძარში რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტ ვიქტორია როშჩინას გამოემშვიდობნენ.
7/14ვიქტორია არაერთხელ დაატყვევეს: 2022 წლის მარტში 10 დღით ოკუპირებულ ბერდიანსკში, ხოლო მეორედ ვიქტორია 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, სადაც მას ახალი მასალის გადაღება სურდა. ჟურნალისტი რუსეთის ტყვეობაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
10/14„თუ მთხოვენ, ძალიან მოკლედ დამეხასიათებინა ვიქტორია, როგორც ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, როგორც კოლეგა, ვიტყოდი, რომ ის არის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც სხვას არ შეუძლია ან საერთოდ არ სურს“, - აღნიშნა ტარას ილკივმა.
12/14ის ასევე თანამშრომლობდა სხვა მედიასაშუალებებთან, მათ შორის, „უკრაინსკა პრავდასთან“, „ჰრომადსკესთან“, „უკრაინსკა რადიოსთან“, UA:Pershy-თან და Censor.net-თან.
2025 წლის 14 თებერვალს უკრაინას გადაეცა ცხედარი ნომერი 757, რომელიც რუსულ დოკუმენტებში „უცნობი მამაკაცის“ სახელით იყო აღნიშნული.
პათოლოგებმა მალევე დაადგინეს, რომ ცხედარი სინამდვილეში ქალის იყო. დნმ-ის ანალიზმა კი 99-პროცენტიანი სიზუსტით აჩვენა, რომ ეს იყო ვიქტორია.
რუსულ დოკუმენტში სიკვდილის მიზეზად მიუთითეს „SPAS“, რაც გულის არტერიების სრულ უკმარისობას აღნიშნავს. ანალიტიკოსების აზრით ამით რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა დაემალათ როშჩინას მიერ გადატანილი წამების მტკიცებულებები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა იური ბელუსოვმა რადიო თავისუფლების „აზოვის ამბების“ სამსახურს განუცხადა, რომ ექსპერტების აზრით „ვიქტორია ნამდვილად იყო ძალადობის მსხვერპლი“.
თუმცა, მან დასძინა, რომ სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა „უკიდურესად რთული“ იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაში დააბრუნეს ცხედარი. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის როშჩინას გაუჩინარებისა და დაპატიმრების შესახებ ფაქტების დადგენას პასუხისმგებელ პირთა გამოსაძიებლად.
ფორუმი