საბა სხვიტარიძე დარბაზში შემოვიდა. “გილოცავ, გიო”, - ესალმება ის გიორგი ახობაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ უდანაშაულოდ ცნო მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. “წამოხვალ გიო სახლში?” - ისმის დარბაზიდან შეძახილი. “რა ვიცი, მეზარება”, - ხუმრობს საბა სხვიტარიძე. დარბაზში არიან მისი მხარდამჭერები, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლები, ჟურნალისტები.
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას იწყებს.
ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ გამოძიება საბა სხვიტარიძის საქმეზე არ ჩატარებულა ობიექტურად. ის ჩამოთვლის მიზეზებს, მათ შორის, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის მიერ ჩატარებული გამოძიები ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა, საქმეში ნეიტრალური მოწმეების ჩვენებების არ არსებობა. მისი თქმით, გამომძიებელმა არ გამოითხოვა "ქორთიარდ მარიოტის" გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, არ გამოითხოვა მედიებიდან პირდაპირი ეთერის ტრანსლაციები, ერთადერთი 29-წამიანი ვიდეო, რომელიც საქმეში მტკიცებულებად დევს, მან ჩამოტვირთა "ვინმე ტატო მაისურაძის" სოციალური ქსელიდან, მან არ გამოკითხა ეს კონკრეტული ადამიანი, არ დაადგინა, ვიდეო დამონტაჟებული იყო თუ არა, არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსერტიზა. ვიდეო ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
ადვოკატის თქმით, ვიდეოში, რომელიც საქმეს ერთვის და სადაც არ არის შესაძლებელი საბა სხვიტარიძის იდენტიფიცირება, ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი, მირიან ქავთარაძე, რომელზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება საბა სხვიტარიძეს, თავად ძალადობდა მოქალაქეებზე და საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა, რისი კანონიერი უფლებაც მას ჰქონდა. მისი თქმით, ტელეკომპანია "მთავარის" მიერ გადაცემულ პირდაპირ ეთერში ჩანს, როგორ ურტყამს სახეში მირიან ქავთარაძე აქტივისტ თეონა ჭალიძეს სახეში ხელს და შემდეგ აგრძელებს ძალადობას. ადვოკატის თქმით, მირიან ქავთარაძე თავად იყო თავდამსხმელი, და გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა არ ჩაატარა გამოძიება, არსებობდა თუ არა მირიან ქავთარაძის მხრიდან ძალადობის შემთხვევები.
ფორუმი