დასკვნით სიტყვას ამბობს ჯგუფურ ძალადობაში ორგანიზების ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე.
„რიტორიკულ კითხვას სვამს - დავუშვათ, რომ მართლა ჩაწერა, განათავსა სოციალურ ქსელში, ამ ვიდეოს ვინმე გიორგიმ უყურა 28-ში, გამოდის სახლიდან და მეზობელს უზიანებს სახლის კარს, მის ნივთებს აზიანებს. ხომ შეგვიძლია რომ ზვიად ცეცხლაძის ჯგუფის წევრად მოვიაზროთ ვინმე პირობითი გიორგი? - დიახ ლოგიკურად შეგვიძლია".
ამის შემდეგ ადვოკატი კითხულობს კანონიდან დანაშაულში თანამონაწილეობის განმარტებას. ის ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძეს განზრახ დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ისე ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული შეუძლებელია ჩაიდინოს პირმა.
დავით ჭიკაიძე ყურადღებას ამახვილებს ბრალში მოცემულ იმ ინფორმაციაზე, სადაც დადგენილია სავარაუდო ჯგუფური ძალადობის ადგილი - საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ასკვნის, რომ ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომ ძალადობრივი ქმედებები დაიწყო და მისი ორგანიზატორი იყო ზვიად ცეცხლაძე.
ადვოკატს აინტერესებს, რამ გამოიწვია აქციის მონაწილეების ქცევის ცვლილება, თუმცა მოწმეებიდან ვერც ერთმა ამაზე ვერ ისაუბრა. მისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს რა გახდა აქციის გამართვის საფუძველი. მისი თქმით, მოწმეებიც ამბობენ, რომ აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად.
„ზვიად ცეცხლაძის გამო მოხდა შეკრევა? - არა, ისინი შეიკრიბნენ პრემიერის განცხადების გამო", - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ყველა დაკითხული მოწმე ზედაპირულად საუბრობს და მოვლენებს რეალურად არ გადმოსცემენ, დეტალებს ვერ აკონკრეტებენ. ამის შემდეგ ადვოკატი ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკაზე იწყებს საუბარს. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები საპროცესო ნორმების დარღვევით წარიმართა და ამის პირველი დამადასტურებელია, რომ ადვოკატს ჩხრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
ადვოკატი ამბობს, რომ 27 ნოემბერს ზვიად ცეცხლაძეს ბაბუა გარდაეცვალა და ის იყო აჭარაში. ბრალდება კი ამტკიცებს, რომ 28-29-30 ის უწევდა ძალადობრივ ქმედებეს ორგანიზებას.
„ძალიან ალოგიკურია", - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, არ აპირებს ვიდეოს შინაარში შევიდეს, რადგან მას ხმა არ აქვს და მისი შინაარსი უცნობია.
„როგორ შეიძლება 28-29-ში ჯერ არ გამოქვეყნებული ვიდეოთი აბრალებდე, რომ ორგანიზებას სწევდა?", - აცხადებს ჭიკაიძე.
ფორუმი