Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

15:52 29.8.2025

ადვოკატი ომარ ფურცელაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დავით ქიტიაშვილზე, რომელმაც მისივე შეფასებით, „გამოირჩეოდა რა აგრესიით ბრალდებულების მიმართ, რასაც სავარაუდოდ, მის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გამო მოსალოდნელი სასჯელის შიში აიძულებდა, სასამართლოს წინაშე გააკეთა მრავალი მცდარი ანდა ტყუილი განმარტება".

ადვოკატმა თქვა, რომ დავით ქიტიაშვილმა თავისი ინიციატივით სხდომაზე ნასროლ საგანზე თქვა, რომ მძიმეა. ამის საპირწონედ ადვოკატმა მე-6 კლასის ქიმიის წიგნი მოიხმო:

„რაც შეეხება დავით ქიტიაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე ვიდეოს ჩვენების შემდეგ
გაკეთებულ შეფასებას გურამ მირცხულავას ვიდეოგრამაზე ნაჩვენებ საგანთან დაკავშირებით, იგი წარმოადგენს ზემოაღნიშნული პირის სუბიექტურ მოსაზრებას და ასეთად უნდა იქნას ჩათვლილი. ხოლო, რაც შეეხება მხარის მცდელობას, აბსოლუტური ცოდნის საგნად და გაესაღებინა „საგნის სიმძიმე“ სასამართლოს წინაშე, ფიზიკის ცოდნაზე მითითებით, ქეთევან ტატიშვილის ავტორობით მე - 10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს თანახმად, მოძრავი საგნის სიმძიმის გამოსათვლელად, საჭიროა შემდეგი მონაცემების ცოდნა, გასროლის მომენტის, აჩქარების, იმპულსის, დაცემის ადგილის, გასროლასა და დაცემის შუალედში დროის, გასროლისა და დაცემის ადგილს შორის მანძილის, ტრაექტორის და გარემოპირობების ზემოქმედებითი ფაქტორების ცოდნა", - თქვა ადვოკატმა.

15:48 29.8.2025

ომარ ფურცელაძეს მაგალითად მოჰყავს „მწვანე ქურთუკის ამბავი“ იმის დასადასტურებლად, რომ გამომძიებლები არა ჯარო არჩაიას არამედ სხვა პირს აღწერდნენ, რომელიც ვიდეოში ჯანო არჩაიას გვერდით დგას. უფრო დეტალურად, ადვოკატი ამბობს:

„გამომძიებელ გოგიტა ხარამიშვილის ჩვენება რელევანტურია ვალერიან მესხის ჩვენებასთან მიმართებით, ვინაიდან, ჯანო არჩაიას დაკავების წინაპირობების, ასევე, მისი სახლის ჩხრეკის შედეგად მწვანე შეფერილობის ქურთუკის ამოღებასთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ ქურთუკი და შესაბამისად, ჯანო არჩაია დააიდენტიფიცირა ვიდეოგრამაზე მწვანე ქურთუკის მეშვეობით, მაშინ, როცა საექსპერტო კვლევის ფარგლებში ჯანო არჩაიას ჩაცმულობის აღწერილობა მოიცავს ჩანაწერს მოშავო ფერის ქურთუკზე,

ხოლო, ვიდეოგრამაზე ჯანო არჩაიას მომიჯნავედ აშკარად ფიგურირებს მწვანექურთუკიანი მამაკაცი, რომელიც პროაქტიურია მოქმედებებში.

ვალერიან მესხის ჩვენება, ზემოაღნიშნულთან კორელაციაში, გვაძლევს დასაბუთრებული ვარაუდის საფუძველს და მინიმუმ, უგულებელყოფილი არ არის ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ვალერიან მესხის მიერ ჯანო არჩაია იდენტიფიცირებულია ერთ (სუბიექტური კადრის) ვიდეოგრამაზე, ხოლო, მეორე ვიდეოგრამაზე, სადაც პროკურატურის მტკიცებით.

ასევე, ჯანო არჩაიას მიერ ჩადენილი ქმედება უნდა იყოს ასახული, იდენტიფიცირებულია სხვა პირი და შესაბამისად, ბრალის დადგენილებას საფუძვლად სხვა პირის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერილობა უდევს".

15:45 29.8.2025

ადვოკატ, ფურცელაძე:

„რაც შეეხება უშუალოდ პირებს, დაზარალებულის სახით გამოკითხულს სასამართლოს წინაშე, გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიასთვის ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მითითებული პირების დაზიანებათა რელევანტურობის დასადგენად, მნიშვნელოვანია თითეული მათგანი განვიხილოთ ინდივიდუალურად.

პირველ რიგში, ცხადად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიას მიმართ წარდგენილი ბრალის დადგენილებაში, მითითებული არ არის არცერთი დაზარალებული და თავისმხრივ, ბრალის კონსტრუქციით, პროკურატურის მტკიცებას წარმოადგენს საფრთხის შექმნა და არა რეალიზებული შედეგი, რაც იმთავითვე გამორიცხავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს ქვემოთჩამოთვლილ დაზარალებულებთან.

მიუხედავად ამისა, ვინაიდან სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ბრალდების წერილობითი ფორმით არსებული დადგენილების „გაკეთილშობილებას“ სხვადასხვა დროსა და სისტემურად ცდილობდნენ პროკურატურის წარმომადგენლები დაზარალებულის მიერ მიღებული დაზიანების მომენტის აღწერითა და მას უკავშირებდნენ ბრალდებულთაგან თითეულს ინდივიდუალურად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითეული მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება განვიხილოთ ინდივიდუალურად".

15:43 29.8.2025

ის ამბობს, რომ მოსამართლე ვერ ისარგებლებს იმ მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც სასამართლოში არ გამოკითხულან და ასევე სამედიცინო დასკვნებით, რომელშიც არაფერი წერია:

„თითები, ფეხები, სკამები მაგიდის გადასაფარებლები და თეთრეული ჩანს... ვიღაც მოწმემ რაღაც ფურცლებს გადაუღო სურათი და მოიტანა

იქამდე სანამ მე და თქვენ მოვახერხებთ და სამედიცინოს დავამთავრებთ, ერთი რვა წელი დაგვჭირდება, რა იცით ან მე ან თქვენ რა ხარისხის ზიანი აქვთ მიღებული ამ ადამიანებს, ან დაზიანების ხარისხი რამდენდ ადეკვატურია იმ საშუალებისა რომელზეც უთითებენ?", - ისევ კითხვებს სვამს ომარ ფურცელაძე, ამ კითხვებზე პასუხი საქმეში არ არის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG