Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11:56 29.8.2025

ლაშა ცუცქირიძის თქმით, ამ სასამართლო სხდომებზე საჯაროობის პრინციპი დაირღვა.

ადვოკატი ამბობს:

„საჯაროობის პრინციპი, ანუ არა მხოლოდ პროცესზე ადამიანების დასწრების შესაძლებლობა, არამედ მედიის მიერ პროცესების გაშუქების აკრძალვა. ეს აკრძალვა შესაძლებელია კანონის ძალით დაწესდა, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი კანონის პირობებში, როდესაც თქვენი ვალი იყო მინიმუმ პრაქტიკა და სახელმძღვანელო სტანდარტები განგემარტათ მხარეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მედიისთვის, ჩვენი შუამდგომლობების საპასუხოდ ვერ მოვისმინეთ თქვენგან რაიმე განმარტება, გარდა იმისა, რომ ეს შუამდგომლობა თითქოს თქვენ არ გეხებოდათ. (იმ დილას ამოქმედებულ კანონზე საუბარი).

და, თუ კიდევ დარჩა ვინმეს იმის განცდა, რომ ამით მედიას გააჩუმებდნენ ეს ასე არ მოხდა და ამის ნათელი მაგალითია დარბაზში მჯდომი ის ხალხი, რომელიც თითოეული ჩვენგანის სიტყვას ზედმიწევნით შიფრავს და აწვდის საზოგადოებას. თუმცა, საჯაროობის ამგვარი გაგება, რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი სასამართლოს ნაწილი და ამით ირღვევა/დაირღვა სასამართლოს სხდომების საჯაროობის პრინციპი".

11:58 29.8.2025

შემდეგი დარღვევა, ადვოკატის თქმით, საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატების კანონის დარღვევით ჩართვა გახდა:

„მორიგი, არანაკლებ მთავარი უკანონო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა თქვენს მიერ, კონკრეტული საფუძვლის გარეშე, მუხლისა და მუხლის პუნქტის მითითების გარეშე, რის მითითებასაც ჩემი კოლეგები დაჟინებით გთხოვდნენ, რის შემდეგაც ბუნებრივია ჩვენც ვაყენებდით არაერთ შუამდგომლობას, რომ მიგეცათ საშუალება საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის აეცილებინათ თავი, ან ბრალდებულების თხოვნა გაგეთვალისწინებიათ და შესაბამისად საქმე გაგვეგრძელებინა იმ ადვოკატებს, რომლებიც იქამდე ვიცავდით ბიჭებს. (რაც კონვენციის მე-6 მუხლის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევის მორიგი მაგალითია)

ყველა ზემოაღნიშნული არასამართლებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია ირიბად წარმოადგენდა ადვოკატთა კორპუსზე შეტევის მცდელობას, რაც პრაქტიკულად ვერ აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ისინი (საზოგადოებრივი ადვოკატები) უფუნქციოდ დატოვეთ სასამართლო პროცესზე, ძალიან კარგად ნახა საზოგადოებამ ჩვენი ღირსეული კოლეგების მტკიცე, კვალიფიციური და ჩვენი პროფესიული ერთობის გამომხატველი ეთიკური მოქმედება, რის გამოც ისინი იმ დღის შემდეგ, როდესაც არ აიცილეთ საქმიდან, ვერ ახორციელებდნენ ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას განსახილველ საქმეში".

12:02 29.8.2025

ადვოკატი ბრალზე გადავიდა და ბრალის შინაარზე დაყრდნობით, ასაბუთებს, რატომაა უსაფუძვლო აღნიშნული, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფზეა საუბარი.

წაიკითხა ბრალის შესახებ დადგენილება და გამოყო: „ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედება".

ის ამბობს, რომ ყველა თანხმდება „ჯგუფური ძალადობა ორგანიზებული დანაშაულია". ის კითხულობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, თუ როგორ განუმარტავთ ამ დრომდე ბრალი.

„225-ე მუხლის მეორე ნაწილი რომ დადასტურდეს უნდა დადასტურდეს ერთი მხრივ ორგანიზების და ხელმძღვანელობის ფაქტი და შემდგომ ეტაპზე - პირის მონაწილეობა", - ამბობს ადვოკატი და ამატებს: ვერ ვისაუბრებ მონაწილოებაზე ისე თუ თეორიულად არ დავუშვებ, რომ საქმეს ჰყავს ორგანიზატორი. აქვე აზუსტებს, რომ ზოგადად არაა თეორიული მტკიცებულებაც კი ორგანიზატორის არსებობის, მაგრამ ახლა დაშვების გარეშე ვერ ისაუბრეს, რადგან ბრალის შემადგენლობა ითხოვს ამას.

12:06 29.8.2025

ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა მოიშველია და თქვა, რომ მეორე ინსტანცია ორ ელემენტს გამოყოფს. პირველი - კავშირი და ნაცნობობა, მეორე - ორგანიზებული ხასიათი, უნდა არსებობდეს ორგანიზატორი და მითითებების შესრულება.

მისი თქმით, ონისეს შემთხვევაში ეს დამტკიცებული არ არის, ამის დამადასტურებელი კი მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებაა, რომელმაც თქვა: „არ არის დაგდენილი ორგანიზატორი და პირდაპირი კავშირი ამ ბიჭებს მათ შორის ონისეს, ერთმანეთთან და ორგანიზატორებთან არ უდგინდებათ".

„ფაქტობრივად ბრალდებამ ორი თვე გამოიძია საქმე, ცხრა თვე პროკურატურა წარმოადგენმა მხარეს, ამის შემდეგ მოვიდა გამომძიებელი და თქვა სიმართლე, რომ ამ ბიჭებს ერთმანეთთან კავშირი არ უდგინდებათ, ამას ადასტურებს რამდენიმე არწარმოდგენილი/ვერწარმოდგენილი მტკიცებულება - არ არის სოციალური ქსელი დათვალიერებული, გამოხმაურება აქტივობებზე, მეგობრების, არათუ ონისესთან, არავისთანაა გამოთხოვილი", - ამბობს ადვოკატი.

ის ხაზს უსვამს, რომ საქმეში არ დევს კომპიუტერული და ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებმა ტელეფონები და ტექნიკა ამ მიზნით ამოიღეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG