Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

12:12 29.8.2025

ლაშა ცუცქირიძემ თქვა, რომ სააპელაციო სასამართლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, რომელსაც სრულყოფილად იზიარებს უზენაესი სასამართლო, ადგენს მთავარ კომპონენტებს, რითაც შეიძლება გაიმიჯნოს წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისგან კონკრეტული პირების მოქმედება: „თუ სახეზეა სპონტანურობა, თუნდაც ჯგუფურად, ასევე სახეზეა კონკრეტულ დროს, სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება".

ადვოკატმა ასე დაასაბუთა, რატომ იყო ონისე ცხადაძის მოქმედება სპონტანური:

„სპონტანური მოქმედების პირველი და ყველაზე ნათელი მაგალითია 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადება, რის გამოც ათიათასობით გულანთებული ქართველი გამოვიდა ქუჩაში ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. არანაირი სხვა განზრახვითა და სხვა მიზნით ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. აქ მთავარია განზრახვის ელემენტიც, 28-შიც, 29-შიც, 30-შიც და სხვა დღეებშიც, ადამიანები რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ ერთადერთი განზრახვით, რათა დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
სპონტანური და თვითდინებით აქციაზე გამოსვლას მიუთითებს ონისე ცხადაძის კონკრეტულ ადგილას მარტო დგომის ფაქტი,

მათ შორის კადრები, სადაც არცერთ ადამიანთან არც ვერბალური და არც არავერბალური კავშირი არ დგინდება. და თუ, ბრალდების მხარეს ამ სპონტანურობის გამორიცხვა სურდა, მინიმუმ სრულყოფილ კადრებს წარმოადგენდა და არა მოჭრილ, დამონტაჟებულს და ამგვარად შეკოწიწებულს, თუმცა კი იცოდნენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი მტკიცებულება არ იქნებოდა".

12:20 29.8.2025

„თითქოს აქციის მონაწილეების მოქმედება იყო ძალადობრივი", - ამბობს ლაშა ცუცქირიძე და ამის გასაქარწყლებლად ისევ ბრალის შესახებ დადგენილებას უბრუნდება, სადაც წერია: „მონაწილეობდა ძალადობრივ მოქმედებაში და ჯოხს, ბოთლს და სხვა მძიმე საგანს ისროლა..."

ადვოკატის თქმით, ანუ მას ედავებიან „საფრთის შექმნასაც" და ამის შემდეგ განიხილავს, არის თუ არა ონისეს მოქმედებებში ძალადობა, იყო თუ არა ძმისი ქცევა ალადობის შემცველი.

ის ამბობს, რომ ძალადობის კომპონენტი თითქოს გამოიხატება ჯოხის, ბოთლის ან სხვა მძიმე საგნის სროლაში და მაშინ, „ონისეს უნდა გამოეწვია ისეთი საფრთხე, რომელიც პოლიციელს ტკივილს განაცდევინებდა და სახეზე გვექნებოდა ტკივილის აღქმის კომპონენტი".

ის გადადის 29 ნოემბერს დაზიანებულ პირებზე და ასკვნის, რომ გობრონიძე და ჯანიკაშვილი ისეთ ადგილას დაზიანდნენ, სადაც ონისე ცხადაძე არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ვერ დამტკიცდება, რომ მათ საფრთხე ონისეს „რაღაც მოქმედებამ“ შეუქმნა. [ონისე ცხადაძეს დანაშაულის ჩადენას 29 ნოემბერს ედავებიან - რ.თ.]

„თუ დააკვირდით ბრალდების მხარემ სტრატეგია შეცვალა, როცა ექსპერტები დავკითხეთ, მათ შორის დაცვის მხარის და საქმე მიდიოდა ისე, რომ საგნის რაობა არ დადასტურდა, ადრე თუ ზუსტად ამბობდნენ საგნებს, ახლა ამ საგნებს წინ დაუმატა სიტყვა „სავარაუდოდ“, თავადაც მიხვდდნენ, რომ დადგენილი არ იყო რაობა და ასე დაიწყეს საუბარი: სავარაუდოდ ჯოხი, სავარაუდოდ ჯოხი", - აცხადებს ადვოკატი.

12:22 29.8.2025

ონისე ცხადაძის ადვოკატის თქმით, ძალადობრივი მოქმედების შესაფასებლად მხოლოდ ვიდეო დარჩა. ის ამბობს, რომ ვიდეოები არ იძლება აღქმნის საფუძველს, რომ ეს საგანი არის ბრალდებაში მითითებული ბოთლი, ჯოხი და განსაკუთრებით მძიმე საგანი.

ლაშა ცუცქირიძე აჯამებს თავის მსჯელობას: „არ ვიცით საგნის რაობა დადგენილად, არ ვიცით სიჩქარე, დავარდნის წერტილი, მანძილი, ტრაექტორია, თუმცა ბრალდების მხარემ იცის, რომ ეს მაინც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მაშინ გვიპასუხოს პროკურორმა რეპლიკაში, სხვა რაიმე პროფესიული ცოდნა ხო არ გააჩნია ფოტო-ვიდეო ტექნიკური ან ჰაბიტოსკოპიის მიმართულებით და ხო არ გვიმალავს?"

12:25 29.8.2025

ფურცელი რომ დავკუჭოთ და ვისრულოთ ვინმეს მისამართით, ეს ხომ ბუნებაში წარმოუდგენელია რა საფრთხის შემცველი უნდა იყოს, წარმოუდგენელია ეს მოხვდეს პიროვნებას და მან ამტკიცოს, რომ ფიზიკური ტკივილი განიცადა, თუმცა ჩვენს საქმეში უფრო აბსურდული რეალობაა საგანი საერთოდ არაა დადგენილი, თეორიულადაც რომ დაადგინოთ, პირობითაც ჯოხი - რა სიმძიმის იყო, საით გაისროლეს, რა საფრთხის შემცველი იქნებოდა და საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანის სიკეთეს?

„ეს ნაწილი რომ შევაფასოთ, არ გვყავს მოწმე, რომელიც 29 ნოემბერს კონკრეტულად იმ ადგილზე იდგა, რომლის ჩვენებითაც მინიმუმ საფრთხის აღქმის ფაქტს მოვისმენდით, არ გვაქვს ამოღებული საგანი, რასაც საფრთხის შემქმნელად მოიაზრებს პროკურორი და ვინაიდან ამოღებული არ არის საგანი არც დადგენილია ობიექტურად ვიდეოდან თუ რა საგანზეა საუბარი. ასეთ პირობებში, პოლიციელი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე საფრთხის შექმნა წარმოუდგენელია და სამართლებრივად რომ ვთქვა დაუსაბუთებელი.

225-ე მუხლი რომ შევაჯამოთ - არ დადასტურდა ორგანიზებული ჯგუფის არსებობა, დაშვების ფარგლებშიც ვერ დგინდება არ არსებულ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ონისეს მონაწილეობა და არ არსებობს ძალადობის კომპონენტი, ანუ იმგვარი მოქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ერთადერთი უალტერნატივო გზა, რაც სასამართლოს დარჩა არის მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG