ლაშა ცუცქირიძის საბოლოო სიტყვის ბოლო ნაწილი მუხლის გადაკვალიფიცირებას უკავშირდება. რატომ საუბრობს ამაზე ადვოკატი, თუ ონისე ცხადაძე უდანაშაულოა?
ადვოკატი განმარტავს:
„ბრალდების შესახებ დადგენილება იმდენად დაუსაბუთებელია, სრულად ვართ დარწმუნებული, რომ ამ მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დადგება.
მიუხედავად ამისა, არა თუ სამართლებრივი საფუძვლებიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არამედ იმ პროპაგანდის შემდეგ, რაც ამ ბიჭების მიმართ ხორციელდებოდა თვეების განმავლობაში კონკრეტული პირების მხრიდან, სასამართლოს სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შეიძლება ძალიან გაუჭირდეს".
ადვოკატის თქმით, თუ მოსამართლე საქმეს გადააკვალიფიცირებს ისე, რომ დაცვის მხარეს არ მისცემს შესაძლებლობას თავისი არგუმენტები წარმოადგინოს ეს იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის დარღვევა.
„წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს ისე, რომ მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს ამაზე და საკუთარი თავი დაიცვას ახალი ინფორმაციის ან ბრალდების გათვალისწინებით".
ადამიანის უფლებათე ევროპული სასამართლოს პრეცედენტები:
1. სამართალწარმოების პროცესში გადაკვალიფიცირების შემთხვევაში, ბრალდებულს საკუთარი დაცვის უფლების ეფექტური და პრატქიკული რეალიზაციის საშუალება და საკმარისი ვადა უნდა მიეცეს (Pelissier and Sassi v. France[GC], § 62; Block v. Hungary, § 24).
2. ბრალდებული დროულად და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში ნებისმიერი ცვლილების და მისი განმაპირობებელი მიზეზების თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცესიმისთვის, რომ საკუთარი დაცვა მოამზადოს ახალი ინფორმაციისან ბრალდების გათვალისწინებით (Mattoccia v. Italy, § 61; Bäckström and Andersson v. Sweden(dec.)).
3. ბრალის გადაკვალიფიცირება ისე, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა საკმარისი შესაძლებლობა თავისი არგუმენტების წარდგენისთვის: სასამართლომ დაადგინა დარღვევა Sadak and Others v. Turkey(no. 1), nos. 29900/96, 29901/96, 29902/96 და 29903/96, 2001 წლის 17 ივლისი
ლაშა ცუცქირიძემ მიმართა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს;
„ახლა თქვენ მოგმართავთ ბატონო მოსამართლე - ეს ბიჭები, რომლებიც სამწუხაროდ საბრალდებო სკამზე სხედან, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს. და თუ თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებით, არ დაიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სიმართლეს, თქვენივე გადაწყვეტილება გახდება იარაღი, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ღირებულებებისკენ.
და როდესაც სათათბირო ოთახში გახვალთ გადაწყვეტილების მისაღებად, გულწრფელად გისურვებთ შეუვალობას, დამოუკიდებლობას და გამბედაობას, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოთ, ჩვენი ქვეყნის სამართალწარმოების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.
თუმცა მანამდე მინდა იცოდეთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, ლუკა ჯაბუა, გური მირცხულავა, ჯანო არჩაია, ვალერი თეთრაშვილი, რევაზ კიკნაძე, რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი არიან უდანაშაულოები და სრულად უნდა გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში".
ლაშა ცუცქირიძემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.
ფორუმი