Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

12:59 29.8.2025

შოთა თუთბერიძე მოიხმობს ციტატას ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილიდან(კომენტარები).:

„ალბათ ყველაზე პოპულარული და გავრცელებული წიგნი, რომელსაც ყველა ასაკისა და კატეგორიის იურისტი იყენებს, ხშირად სამაგიდო წიგნად, გახლავთ ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილი (კომენტარები). ამ სახელმძღვანელოში ჩვენ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ვრცელ ანალიზსაც ვხედავთ", - ამბობს შოთა თუთბერიძე და კითხულობს, რა წერია წიგნში:

„„განსახილველ ნორმას 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე, ერქვა მასობრივი არეულობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განხორციელება შეეძლო მასას, ე.ი. რამდენიმე ასეულ ადამიანს (ბრბოს). სადღეისოდ კი ამ მუხლის მოქმედების არეალი უსაფუძვლოდ გაიზარდა. კერძოდ, ამ დანაშაულის ჩადენა უკვე შეუძლია პირთა ჯგუფს, ე.ი. ორ ან მეტ პირს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მინიმუმ ორი პირი სახეზე უნდა იყოს, როგორც ძალადობის მონაწილე (მე-2 ნაწ.), ე.ი. ორგანიზატორთან ერთად სახეზე უნდა იყოს მინიმუმ სამი პირი.

ჯგუფური ძალადობა [...] ორგანიზებული დანაშაულის ნაირსახეობაა. [...] ობიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული ხასიათდება სხვადასხვა ალტერნატიული მოქმედების ჩადენით. კერძოდ, სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელძღვანელობა და ამ ქმედებაში მონაწილეობა.”

„ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილზე და სხვ. ხელმძღვანელობა კი შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, მოწოდებაში, არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ. როგორც ვხედავთ, ამ მუხლის პირველი ნაწილით, ფაქტობრივი ორგანიზატორი იურიდიულად ამსრულებელია (სამართლებრივი ფიქცია). მაგალითად, საფეხბურთო მატჩის მსაჯის ქმედებით განაწყენებულმა პეტრემ გამოძებნა იმ პირთა ჯგუფი და მათთან დაგეგმა ძალადობითი ქმედება სტადიონზე პროტესტის ნიშნად. მისი მითითებით, ეს პირები [...] შეიჭრნენ სტადიონზე და დაიწყეს ნივთების მტვრევა, სცემეს მსაჯი [...]. [...] ბრალის ფორმის მიხედვით, დანაშაული გულისხმობს განზრახვას. კანონში მითითებული ქმედებების მიმართ ბრალი გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში [...]. ამგვარად, 1-ელი ნაწილით ისჯება ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი ან ხელძღვანელი, ხოლო მე-2 ნაწილით - მასობრივი არეულობის რიგითი მონაწილე.“

„ეს დანაშაული განსხვავდება ხულიგნობისგან. [...] ჯგუფური ძალადობა აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია, ხოლო ხულიგნობისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა.“


13:02 29.8.2025

შოთა თუთბერიძის თქმით, ჯგუფური დანაშაულის ვერც ერთ ელემენტს ეს საქმე ვერ აკმაყოფილებს.

„როცა თქვენ სათათბიროდ გაბრძანდებით და დაბრუნდებით გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს მინდა სასამართლომ იფიქროს იმაზე, რომ მტკიცებულებები რომლებიც გამოვიკვლიეთ შინაგანი რწმენა და ობიექტური სასამართლოა, ერთადერთი, რის საფუძველზეც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული და გთხოვთ, დაეყრდნოთ ამას".

შოთა თუთბერიძემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

13:03 29.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა

13:04 29.8.2025

ის აცხადებს, რომ კოლეგებისგან განსხვავებულს ვერაფერს იტყვის, რადგან დასკვნითი სიტყვის ნაწილში ბრალდებულებების მტკიცებულებების შეფასება ხდება და ამიტომ უწევთ ერთი და იგივეს საუბარი.

ის კონსტიტუციიდან მოიხმობს ჩანაწერს, რომლის თანახმადაც „ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG