Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ისევ გეგმავს პუტინთან საუბარს, კრემლში აცხადებენ, რომ კონკრეტულად ჯერ არაფერი იციან


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისევ გეგმავს საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ეს განზრახვა ტრამპმა დაადასტურა მსოფლიოს წამყვანი IT-კომპანიების ხელმძღვანელებთან თეთრ სახლში, 4 სექტემბერს გამართულ ვახშამზე მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ უახლოეს ხანში გეგმავს თუ არა პუტინთან საუბარსაც. პრეზიდენტმა ტრამპმა უპასუხა, რომ ამას აპირებს და „კარგი დიალოგი“ აქვთ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების ამოცანის შესრულება მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ მას გადაწყვეტენ.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების მორიგი საუბრის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერია ცნობილი.

4 სექტემბერს პარიზში გაიმართა „მსურველთა კოალიციის" წევრი სახელმწიფოებისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელეს. ვიდეოკონფერენციის ფორმატით შედგა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი და რაც მთავარია, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, რათა ომის შეწყვეტა აიძულონ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აღადგინა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეწყვეტილი ურთიერთობა, პუტინს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა, 2025 წლის აგვისტოში კი ალასკის შტატშიც უმასპინძლა. ეს მოლაპარაკება უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია.





ფორუმი

XS
SM
MD
LG