Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21-ე დღეა შიმშილობს თორნიკე თოშხუა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან


თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს 31 ივლისის ინციდენტის გამო - მათ აქციაზე დანით მისულ ბექა გოცირიძეზე, ხელისუფლების მხარდამჭერსა და ყოფილ ფეხბურთელზე, თავდასხმას ედავებიან, თავად კი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს დააკავეს 31 ივლისის ინციდენტის გამო - მათ აქციაზე დანით მისულ ბექა გოცირიძეზე, ხელისუფლების მხარდამჭერსა და ყოფილ ფეხბურთელზე, თავდასხმას ედავებიან, თავად კი თვლიან, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.

მოკლედ

  • თორნიკე თოშხუა დაკავების შემდეგ შიმშილობს - ის 21-ე დღეა მხოლოდ წყალს იღებს.
  • თორნიკეს შიმშილობის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავიდან ადვოკატი და ოჯახის წევრები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ.
  • თოშხუა ყოფილი საჯარო მოხელეა, ის შემოსავლების სამსახურში მუშაობდა.
  • ადვოკატის თქმით, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

თორნიკე თოშხუა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობს - ის თვლის, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურია. როგორც თორნიკე, ასევე მისი უფლებადამცველი მიიჩნევენ, რომ დამნაშავენი არიან არა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, არამედ ყოფილი ფეხბურთელი და ხელისუფლების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე, რომელიც 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე დანით მივიდა.

"ფსიქოლოგიურად მხნედაა, ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც თვითონ ამბობს, არ აპირებს შიმშილით თავი ისე დაიუძლუროს, რომ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს", - უთხრა თოშხუას ადვოკატმა ოთარ ფურცელაძემ რადიო თავისუფლებას. მან თორნიკე პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 5 სექტემბერს, მოინახულა.

თვითმხილველები, რომლებიც 31 ივლისს შეესწრნენ ინციდენტს, რომელშიც თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.

რუსთაველზე 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან მალევე, ბექა გოცირიძემ ტიკტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჰყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქციის მონაწილეებმა „მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს“. მას შემდეგ გოცირიძემ გამოაქვეყნა კიდევ არაერთი ვიდეო, რომლებშიც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს, რომ „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს. ჯგუფურად ძალადობის ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG