Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

14:41 12.9.2025

13:38 - მოსამართლეს ერთ-ერთი ადვოკატი (მარიამ ჯიქია) ეუბნება, რომ მისი ხმა არ ისმის. ამაზე მოსამართლე პასუხობს - „ხომ არ ვიყვირებ?!"

ამ რეპლიკის მიუხედავად, მან ხმის ტონს აუწია. მისი სიტყვები და წინადადებები სრულად ისმის.

14:43 12.9.2025

13:39 - ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის დაკავების დროს დაირღვა მისი უფლებები: არ ჰქონდათ არც მას და არც მის ადვოკატებს ინფორმაცია, რას ედავებოდნენ.

„არ მიეცა ადვოკატის მომსახურების უფლება. მობილური ტელეფონი წაგლიჯეს დაკავებამდე. რეგულარული თხოვნის მიუხედავად, არ მიეცა ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშრების შესაძლებლობა. 9 საათი ვეძებდით მას, შსს არ გვაძლევდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

მისი ოჯახი ფიქრობდა, რომ ის შეიძლება ყოფილიყო შსს-ის რომელიმე ჯურღმულში და გამხდარიყო ისეთივე ძალადობის მსხვერპლი, როგორ სხვა ადამიანები.

ის 9 საათი ჩამოჰყავდათ ლანჩხუთიდან თბილისში. მოძრავ ავტომობილში ეკეთა ბორკილები. მე მკეთებია ბორკილები, ის გზაში, მოძრაობის დროს უფრო და უფრო უჭერს ხელს“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

14:48 12.9.2025

14:43 „ოჯახში მივდიოდი ლანჩხუთში. მიკროავტობუსი გააჩერა პატრულმა. პოლიციელი მძღოლს ელაპარაკებოდა, მაგრამ თვალებში მე მიყურებდა და იღიმოდა...

შემდეგ დამაკავეს, ორი ქალი პოლიციელი მოიყვანეს, არ მოიწყინოო. ორი საათის განმავლობაში ვიყავი ისეთ ადგილზე, სადაც... ორი საათის მერე გამომძებელი მოვიდა - არ მითხრა, რატომ ვიყავი დაკავებული. მუხლები ახსენა, 173-ე და 166-ე მუხლები ახსენა“, - თქვა მეგი დიასამიძემ.

ამ დროს ერთვება მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, ეს ის მუხლებია, რითაც აკავებენ ხოლმე ადმინისტრაციული წესით დემონსტრანტებს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროს დიასამიძის დაკავების შესახებ უკვე გავრცელებული ჰქონდა შსს-ს.

14:46 - „ბევრჯერ ვითხოვე ბორკილების მოშება, ჰიპერაქტიური ვარ. ამაზე მითხრეს, რომ არ იმოძრაოო...

მტკიოდა, მაგიტომ ვეუბნებოდი, რომ მოეშვათ ოდნავ“ - თქვა მეგი დიასამიძემ.

14:50 12.9.2025

14:48 - პროკურორი ნინო ჟვანია ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ დაკავებამდე მეგი დიასამიძე აპირებდა მიმალვას. მისი თქმით, დაკავება ჩატარდა კანონის დაცვით:

„მითითება, რომ ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, არაა სიმართლე... საქმე აღძრული იყო სისხლის სამართლის წესით.... არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს, რომ ბრალდბეულის რაიმე უფლება დაირღვა.

მისი დაკავება განხორციელდა კანონის სრული დაცვით. არ უნდა იყოს მისი პოზიცია გაზიარებული“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG