Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აცხადებენ, რომ [გამოძიებასთან] არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია - მოქალაქე, რომელსაც "ოცნების" მხარდამჭერმა სილა გაარტყა


ქეთი ალავერდაშვილი გამოკითხვაზე 11 სექტემბერს დაიბარეს შსს-ში. ის ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. 12 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს პასუხისმგებლობაში ვერ მისცემდნენ, რადგან დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.
ქეთი ალავერდაშვილი გამოკითხვაზე 11 სექტემბერს დაიბარეს შსს-ში. ის ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა. 12 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს პასუხისმგებლობაში ვერ მისცემდნენ, რადგან დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

მოკლედ

  • 8 სექტემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს " ქართული ოცნების" მხარდამჭერები თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დაუპირისპირდნენ - ამ დღეს 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ ნაწილს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
  • 10 სექტემბერს პოლიციამ "ოცნების" ორი მხარდამჭერი დააკავა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით - მათგან ერთი გავრცელებულ კადრებში ახალგაზრდა ქალს ჯერ სახეში ურტყამს, მერე კი აქციის მონაწილეებს უხამს ჟესტებს უჩვენებს, მეორე კი ხელკეტით უსწორდება დემონსტრანტებს.
  • 12 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ ზაზა მამალაძესა და ირაკლი ბუაჩიძეს ათავისუფლებენ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ზაზა მამალაძე აქციაზე სახეში ხელს არტყამს, პოლიციამ 11 სექტემბერს გამოჰკითხა. გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ის დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია აქვს. ქეთი ჩვენებას 4 საათის განმავლობაში აძლევდა.

"არ მითქვამს, რომ პრეტენზია არ მაქვს. გამოკითხვაზე ვთქვი, რომ დისკით მქონდა მიტანილი იმ კაცის კადრები, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მითხრეს, სახლში მოვალთ და წავიღებთო.

იტყუებიან, რომ არ ვითანამშრომლეთ, იმის გამო რომ ვთქვი, სილა არ მეტკინა-თქო, სხვა კადრებიც მარტივად დააიგნორეს.

კაი ხანს ცდილობდნენ რამენაირად გაეზომათ დარტყმის ძალა.

"იქნებ მაინც გეტკინა, ჰა?" - დაახლოებით ამ პათოსით.

თუ დაიჭერდნენ სილის გარტყმის გამო, ალბათ უღირდათ. თუ ჯგუფურს დატოვებდნენ, მაშინ სხვებიც უნდა ჩაესვათ. იმ კადრებში ძალიან ბევრი ადამიანის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთი ალავერდაშვილი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზაზა მამალაძეს მელიქიშვილის გამზირზე ძალადობის გამო პასუხისმგებლობას არ აკისრებენ.

პოლიციაში გამოკითხვის ნაწილი იყო კითხვები მის მიერ 8 სექტემბერსვე გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტზე, რომელშიც ქეთი ალავერდაშვილი წერდა, რომ "ჯანზეა, არაფერი სტკენია და არც ლოყა აწითლებია, როგორც ირაკლი დგებუაძეს [დგებუაძე პოლიციელია, რომელმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავა მისთვის სილის გაწვნის გამო - რ.თ.]"

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ქეთი ალავერდაშვილმა კვლავ დაწერა, რომ არ იყო ირაკლი დგებუაძე, მასავით ჯაბანი და სიტუაციის ხელოვნურად დასამძიმებლად ვერ მოიგონებდა, რომ ეტკინა.

"თუ რამეა, ჩემი ეპიზოდის გარდა, ამ კაცმა ათასი უმსგავსობა ჩაიდინა და მისი დანაშაულები სხვა კადრებშიც შესანიშნავად ჩანს (ჯებირის მოქნევა იქნება თუ დაგდებული ადამიანების მიმართ წიხლების დამატება)", - წერდა ის. ქეთიმ არ იცის, მის გარდა, კიდევ ვინ არის გამოკითხული ამავე სისხლის სამართლის საქმეზე - არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხული მოწმეების რაოდენობისა და სხვა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ.

გამოძიება "ქართული ოცნების' მხარდამჭერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა - ეს მუხლი გულისხმობს ძალადობას, უფრო კონკრეტულად კი ცემას ან იმგვარ ძალადობას, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისას ათამდე პირი დაშავდა - მედიამ, მათ შორის რადიო თავისუფლებამაც, ამოიცნო არაერთი ადამიანი, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობდნენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გამოკითხვაზე ნამყოფ დემონსტრანტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც თავდასხმის შემდეგ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ. სასამართლოს არ გამოუკითხავს ის დემონსტრანტები, რომლებსაც ფიზიკურად, მათ შორის რეზინის ხელკეტით უსწორდებოდნენ "ქართული ოცნების" ის მხარდამჭერები, რომლებიც დაკავებიდან ორ დღეში გაათავისუფლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG