საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი - შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი.
სუსის განცხადებითვე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ბრალი წარედგინება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ემზარ გაგნიძე აცხადებს, რომ საქმე ეხება "დიდი ოდენობით თაღლითობას", "დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას" და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.
მისი ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, 2022-2023 წლებში განვითარებულ მოვლენებს, რის შედეგადაც საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა:
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია“, - წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ფორუმი