Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ გელა ხასაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დღეს საღამოს, 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ გელა ხასაიას.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა 21:30 საათზე.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დაპირისპირება მოჰყვა დამსწრეებსა და მანდატურებს შორის.

„გელა, შენთან ვართ“, - დაიძახეს სხდომათა დარბაზში ხასაიას მხარდამჭერებმა, რის შემდეგაც მანდატურებმა მათ სხდომის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

წინასასამართლო სხდომა 20 ნოემბერს, 13:00 საათზე დაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე მან სასამართლოს უამბო, როგორ დააკავეს 29 სექტემბერს და როგორ გააშიშვლეს პოლიციის განყოფილებაში ორჯერ ოცი წუთის შუალედით.

აქტივისტის მონათხრობის თანახმად, დამკავებელთა შორის ერთი მისი ნაცნობი პოლიციელი იყო, რომელიც ხშირად უნახავს აქციებზე.

„მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო“, - განაცხადა ხასაიამ.

მისივე თქმით, ის პოლიციელებმა გადაიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში.

„ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“, - განაცხადა მან.

პოლიციაში გაშიშვლების პრაქტიკას, - რაზეც არაერთი დაკავებული აქტივისტი თუ პოლიტიკოსი, მათ შორის ქალები, საუბრობენ, - ახლანდელი ომბუდსმენი უწოდებს „დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოპყრობას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG