Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა დანიშვნიდან მეორე დღეს


ბრუნო ლე მერი
ბრუნო ლე მერი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა ბრუნო ლე მერმა. ის ამ პოსტზე 5 ოქტომბერს დაინიშნა.

მეორე დღეს, 6 ოქტომბერს გვიან საღამოს ლე მერმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტს მიმართა, გაიყვანოს მთავრობის შემადგენლობიდან, რაზეც თანხმობა მიიღო.

ბრუნო ლე მერის განცხადებით, თავდაცვის მინისტრობას დასთანხმდა, რათა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ემსახურა საფრანგეთისა და ფრანგებისთვის, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ ზოგიერთებში გაუგებარი და არასწორი რეაქციები გამოიწვია.

ლე მერის თანახმად, ქვეყნისა და ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, ამიტომ გადადგომა გადაწყვიტა და იმედი აქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების განახლებას ახალი მთავრობის ფორმირების მიზნით.

5 ოქტომბერს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ წარადგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა, მათ შორის თავდაცვის ახალი მინისტრი ბრუნო ლე მერი, რომელიც ადრე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი იყო.

განახლებულ მთავრობაში მინისტრების უმრავლესობა პრეზიდენტ მაკრონის ლიბერალური პოლიტიკური გუნდიდანაა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გააკრიტიკეს როგორც ულტრამემარცხენეებმა და ულტრამემარჯვენეებმა, ასევე რესპუბლიკელებმა, რომლებსაც მთავრობაში რამდენიმე მინისტრი ჰყავთ, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეტაიო, რომელიც ამ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერია.

რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია სწორედ ბრუნო ლე მერის დანიშვნამ. ის ყოფილი რესპუბლიკელია და პარტია მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც 2017 წელს მხარი დაუჭირა ემანუელ მაკრონს. რესპუბლიკელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა რეტაიომ განაცხადა, რომ მთავრობის საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რესპუბლიკელების შეფასებით, კომპრომისების მოძიების ნაცვლად პრეზიდენტმა მაკრონმა მინისტრთა კაბინეტში თავისი პოზიციები გაიმყარა.

6 ოქტომბერს, როცა საფრანგეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი, 39 წლის სებასტიენ ლეკორნუ პრემიერ-მინისტრად 2025 წლის 9 სექტემბერს დანიშნა მას შემდეგ, რაც წინა დღეს საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ბაირუს მთავრობას. მის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებდა სოციალური ხარჯების შემცირებას, მხარი არ დაუჭირა არც მემარჯვენე და არც მემარცხენე ოპოზიციამ.

ახალ პრემიერ ლეკორნუს დაევალა საპარლამენტო პარტიებთან კონსულტაციები ქვეყნის ბიუჯეტზე კონსენსუსის მისაღწევად, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინა სოციალისტების ზოგიერთი მოთხოვნა, მათი მხარდაჭერის საკითხი საბოლოოდ არ გარკვეულა.

ლეკორნუს დაუპირისპირდა შინაგან საქმეთა რესპუბლიკელი მინისტრი რეტაიოც, მას შემდეგ, რაც გასულ ორშაბათს საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმა მოსთხოვა, პასუხი კი მხოლოდ ხუთშაბათს მიიღო.

საფრანგეთის პარლამენტში დიდი წარმომადგენლობის მქონე ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები პოლიტიკური კრიზისის გამო პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

საფრანგეთში ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა იმ იმედით, რომ რეფორმების განსახორციელებლად პოზიციებს გაიმყარებდა.

არჩევნების შედეგად ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, ყველაზე მეტი მანდატი კი, საერთო ჯამში, ულტრამემარცხენეებს და ულტრამემარჯვენეებს ერგოთ და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტების პრეტენზია გაუჩნდათ.

საფრანგეთის ლიბერალმა პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება რესპუბლიკელებთან თანამშრომლობით დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2024 წლის ივლისში გადამდგარი, პრეზიდენტ მაკრონის თანაპარტიელი გაბრიელ ატალი იმავე წლის სექტემბერში შეცვალა რესპუბლიკელმა მიშელ ბარნიემ. ის ორ თვეში გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობამ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

ბარნიეს შემდეგ პრემიერ-მინისტრი გახდა კომპრომისული კანდიდატი, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ფრანსუა ბაირუ. მას შემდეგ, რაც 2025 წლის სექტემბერში ბაირუმ ვერ შეძლო 2026 წლის ბიუჯეტზე პარლამენტის უმრავლესობისგან თანხმობის მიღება და მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა სებასტიენ ლეკორნუმ. ფრანგული მედია წერდა, რომ პრემიერად მისი დანიშვნით პრეზიდენტმა მაკრონმა გადაწყვიტა, მთავრობა თავად მართოს.

ლეკორნუ მაკრონის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ თანამოაზრედ და მისი ნების შემსრულებლად ითვლება. სებასტიენ ლეკორნუს პრემიერ-მინისტრობა 27 დღეს გაგრძელდა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG