Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა აშშ - სენატორები რიში და შაჰინი


ფოტოკოლაჟი: სენატორები ჯიმ რიში (მარცხნივ) და ჯინ შაჰინი
ფოტოკოლაჟი: სენატორები ჯიმ რიში (მარცხნივ) და ჯინ შაჰინი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატების ლიდერი კომიტეტში, ჯინ შაჰინი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა ამერიკის შეერთებული შტატები.

მათი განცხადებით, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული "საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით".

"პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადებისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ აღმაშფოთებელი, არადემოკრატიულია", - წერენ რიში და შაჰინი და აცხადებენ, რომ ეს "კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური დიალოგის ნორმალიზების არანაირი ინტერესი არ აქვს“.

მათი თქმით, "პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლიდერების დაშინება, განსაკუთრებით მათი, ვინც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობდა და ჩვენება მისცა ჩვენს კომიტეტს, მცდელობაა ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობის".

მათი სიტყვებით, „მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ თანამშრომლებს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, თითქოს ისინი საქართველოს მთავრობას ძირს უთხრიან“.

"მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ და არა შეერთებული შტატები უთხრის ძირს საქართველოს დემოკრატიას და მათ შესაძლებლობას, განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შემაშფოთებელი მოვლენების განხილვის მიზნით საქართველოს ელჩის გამოძახებაზე და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები, ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე ცვლილების განხორციელებამდე", - ნათქვამია სენატორების წერილში, რომელშიც ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხალხს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 ოქტომბერს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა, "დაამტკიცოს, რომ მოქმედებს არა "დიპ სტეიტის" გავლენით", რისი "მარტივი მტკიცებულება იქნებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაგმობა".

კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის დაბარებას. სახელმწიფო დეპარტამენტში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო, რომლებიც უკავშირდება „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ ბრალდებებს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 8 ოქტომბრის ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სურთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვა.

  • შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
  • 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG