Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ოდესის მერს, ტრუხანოვს


გენადი ტრუხანოვი
გენადი ტრუხანოვი

უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა ქალაქ ოდესის არჩეულ მერს, გენადი ტრუხანოვს.

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ოქტომბერს მიიღო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, რომელთა თანახმად, გენადი ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თათბირის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დადასტურებულია ზოგიერთი პირის რუსეთის მოქალაქეობა, ამიტომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადდა და ბრძანება ხელმოწერილია. ზელენსკის კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.

მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდათ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ოლეგ ცარიოვს და ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინს.

ოდესის მერისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტა 14 ოქტომბერს, საღამოს დაადასტურა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაადგინეს, რომ გენადი ტრუხანოვი რუსეთის მოქალაქეა და ფლობს აგრესორი ქვეყნის მოქმედ, უცხოურ პასპორტს, რომელიც ყირიმის და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ, 2015 წლის 15 დეკემბერს მიიღო, ამ პასპორტის მოქმედების ვადა 10 წელია და ამ დროისთვის მოქმედ დოკუმენტად რჩება.

უსაფრთხოების სამსახურმა ამ პასპორტის ასლიც გამოაქვეყნა.

რაც შეეხება რუსეთის შიდა პასპორტს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ტრუხანოვის წარმომადგენლებმა განცხადებით 2017 წელს მიმართეს რუსეთის უფლებამოსილ ორგანოებს და შედეგად მოსკოვის ოლქის სასამართლომ გააუქმა შიდა პასპორტის მოქმედება, თუმცა განმარტა, რომ ამ დოკუმენტზე უარი არ იწვევს რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

შესაბამისად, როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გენადი ტრუხანოვი დღემდე რჩება აგრესორი ქვეყნის მოქალაქედ და აქვს საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ასახულია რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის მონაცემთა ბაზაში.

გენადი ტრუხანოვი ოდესის არჩეული მერია 2014 წლის მაისიდან. მანამდე ის უკრაინის პარლამენტის წევრი იყო პრეზიდენტ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“, რომელიც 2014 წლის თებერვალში დატოვა.

უკრაინული მედიით 2014 წლიდან ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრუხანოვს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, რასაც ის უარყოფდა.

ამ კვირაში, 13 ოქტომბერს უკრაინაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის ავტორები პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავდნენ, რუსეთის მოქალაქეობის გამო გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყვიტოს. პასუხად, ოდესის მერმა ისევ უარყო, რომ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მზადდება.

14 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა შეუწყდა, მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ფალსიფიკაციაა და სასამართლოში იჩივლებს.

ტრუხანოვის მტკიცებით, რუსული პასპორტების მისაღებად უკრაინიდან არ გასულა, რასაც ადასტურებს 2015-2016 წლებში საზღვრის გადაკვეთის მონაცემები. გენადი ტრუხანოვის თანახმად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურს 2022 წელსაც დაავალა შემოწმება და მისთვის რუსული პასპორტები და რუსეთის მოქალაქეობა არ აღმოუჩენიათ. ტრუხანოვის განცხადებით, თუ განუკითხაობის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოში შედეგს ვერ მიაღწევს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

უკრაინის თვითმმართველობის კანონით, ქვეყნის მოქალაქეობის ჩამორთმევა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.

განახლება: რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად" და „არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადებულმა გამოცემა The Insider-მა 15 ოქტომბერს დაწერა, რომ გენადი ტრუხანოვს მართლაც ჰქონდა 2003 წლის 15 აპრილს გაცემული რუსული პასპორტი, რომელიც დაკარგა და მის ნაცვლად 2011 წლის 24 მარტს ახალი გაიცა, თუმცა უცხოური პასპორტი, რომლის ასლიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა, ყალბია.

გამოცემამ გამოიკვლია, რომ მითითებული ნომრით პასპორტი გაცემულია არა 2015 წლის დეკემბერში, არამედ 2010 წლის 2 ნოემბერს რუსეთის მოქალაქეზე, სახელად ტატიანა, რომელიც ამ პასპორტით წარმატებით მოგზაურობდა.

The Insider-ი საზღვრის გადაკვეთის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2014 წლიდან გენადი ტრუხანოვი რუსეთში არ ყოფილა(ყოველ შემთხვევაში, თავისი სახელით და გვარით) და არ არსებობს არანაირი მონაცემები, რომ მას აქვს რუსეთის მოქმედი უცხოური პასპორტი.

განახლება: 15 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის შექმნის შესახებ და მის ხელმძღვანელად სერჰი ლისაკი დანიშნა. მანამდე ლისაკი უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ კი დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.





ფორუმი

XS
SM
MD
LG