ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა 23 ოქტომბერს, გვიან ღამით დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროკომისიას სთხოვეს, რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინოს ვარიანტები, რათა უკრაინას 2026-2027 წლებშიც ჰქონდეს თავდაცვისთვის და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის საბრძოლველად საჭირო რესურსები.
ევროპული საბჭო უკრაინის დაფინანსების საკითხის განხილვას დეკემბერში დაუბრუნდება. დაფინანსების მიზნით ევროპაში გაყინული 140 მილიარდი ევროს რუსული აქტივების გამოყენების საკითხს სიფრთხილით ეკიდება ევროკავშირის არაერთი სახელმწიფო. კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნგრეთი.
ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაყინეს. ამ აქტივების უდიდესი ნაწილი ბელგიაში ინახება.
ბელგიის მთავრობა მოითხოვს, რომ რუსეთის აქტივების გამოყენების შემთხვევაში არსებული რისკები ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ გაინაწილოს. გერმანულ მაუწყებელს, DW-ს, მოჰყავს ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის განცხადება, რომ თითქმის პოეტური იქნებოდა, თუ რობინ ჰუდის ისტორიის მსგავსად, რუსული ფული უკრაინაში წავიდოდა და ეს საზოგადოებრივი აზრისთვის გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.
დე ვევერის თანახმად, საქმე ეხება ზოგადად, ბაზრების ნდობასაც ევროპის საფინანსო სისტემის მიმართ და რისკებთან დაკავშირებული შეკითხვები ევროკავშირის ლიდერებს დაუსვა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმაც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც 23 ოქტომბერს ბრიუსელში გარკვეული ხნით მონაწილეობდა ევროპული საბჭოს სხდომაში, გვიან ღამით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ 2026-2027 წლებში უკრაინის ფინანსური დახმარების შენარჩუნება მნიშვნელოვანი ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად რუსული აქტივების გამოყენებას პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ევროკომისია ყველა საჭირო დეტალს დაამუშავებს.
თუ ევროკავშირი უკრაინის ფინანსური დახმარების გასაგრძელებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე ვერ შეთანხმდება, სხვა სახსრების მოძიება მოუწევს.
რუსეთი აცხადებს, რომ მისი აქტივების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ქურდობა იქნება და დაუყოვნებლივ მოჰყვება საპასუხო მოქმედება, რომელიც დასავლეთს უდიდეს ზარალს მოუტანს.
რამდენიმე ხნის წინ გამოცემა Bloomberg-ი რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თუ ევროკავშირი რუსულ აქტივებს გამოიყენებს, კრემლი მზად არის რუსეთში არსებული უცხოური აქტივების ნაციონალიზაციისთვის, რომლის განსახორციელებლად შესაბამისი კანონი უკვე მიღებულია.
ფორუმი