Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგი შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოდესის ოლქი იყო


რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი და ნგრევა ოდესის ოლქში(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)
რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი და ნგრევა ოდესის ოლქში(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე რუსული დრონებით მორიგ შეტევას, რომელიც გასულ ღამით დაიწყო და დღეს, 11 ნოემბრის დილამდე გაგრძელდა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოდესის ოლქი იყო. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გავრცელებული ცნობებით, ოდესის ოლქში დაზიანებულია ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დრონებით დარტყმის შედეგად რამდენიმე ენერგოობიექტზე გაჩნდა ხანძრები, რომლებიც დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია. დაზიანებულია უკრაინის რკინიგზის დეპო და ადმინისტრაციული შენობა. დაიჭრა ერთი ადამიანი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გენერატორების გამოყენებით მუშაობენ.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება კრამატორსკის საქალაქო საბჭო. დაზიანებულია სახლები და საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად სინელნიკოვის რაიონში ხანძარი გაჩნდა კერძო საწარმოს ტერიტორიაზე.

განახლება: დღის 12 საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 119 უპილოტო საფრენი აპარატით და დარტყმის ძირითადი მიმართულებები იყო დონეცკის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქები.

სარდლობის მონაცემებით, დილის ათის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 53 დრონის მოგერიება და 59-ით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG